ალტ-ინფო

ძალადობრივი ჯგუფები 20 ივნისს კონტრაქციით იმუქრებიან

დავით კუტალაძე 5 ივლისის ძალადობების დროს
Reuters

ძალადობრივი და პუტინისტური დაჯგუფება ალტ-ინფო 20 ივნისს პარლამენტთან შორიახლოს შეიკრიბება. ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის, კოკა მორგოშიას თქმით, ისინი მოქმედებაზე გადავლენ, თუ სიტუაცია ესკალაციაში შევა.

"როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, 20-დან 24 ივნისამდე იგეგმება 2 თუ 3 აქცია. არის იმის ალბათობა, რომ ორგანიზატორებმა სიტუაცია ესკალაციისკენ წაიყვანონ. ჩვენ 20 ივნისს ვაპირებთ ლოკაციებზე შორიახლოს ჩვეულებრივად ყოფნას, არსად კონკრეტულად არ გავდივართ, რომ ვინმემ რაღაც პროვოკაცია არ დაგეგმოს. თუ აქცია ჩატარდება ჩვეულებრივად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე, ჩვენც ჩვეულებრივად როგორც შევიკრიბებით, ისე დავიშლებით. ჩვენ რომ მოქმედებაში შევიდეთ, უნდა მოხდეს დაახლოებით 20 ივნისის სცენარი, როდესაც ვნახავთ, რომ ძალოვან სტრუქტურებს, სახელმწიფო ინსტიტუციებს ნაციონალური მოძრაობა და მისი ანასხლეტები თავს ესხმიან. ჩვენ პოლიციის დაცვა არ ვართ. იმედი გვაქვს, რომ პოლიციას დაცვა არ დასჭირდება, მაგრამ თუ ამ ქვეყანას დასჭირდება, მხოლოდ პოლიციის იმედად არ ვიქნებით". - ამბობს მორგოშია TV პირველთან საუბარში.

20 ივნისს ევროკავშირის პასუხის მოლოდინში, პარლამენტთან მოძრაობა სირცხვილია ევროპული არჩევანისა და დასავლური ღირებულებების მხარდამჭერ აქციას შინ ევროპისკენ! გამართავს. ღონისძიებას სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.

მოძალადე ჯგუფების გამო, 2021 წელს ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები. პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები. სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყა

კომენტარები