რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კიევის ოლქში კიდევ ერთი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს – 7 ცხედარს წამების კვალი ეტყობა

Dominika Zarzycka/NurPhoto/REX/Shutterstock

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კიევის ოლქში, ბუჩასთან ახლოს მოქალაქეების კიდევ ერთი მასობრივი საფლავი აღმოჩინეს.  

კიევის პოლიციის წარმომადგენლის, ანდრეი ნებიტოვის ცნობით, ისინი აწამეს. 7 მოქალაქის ცხედრიდან უმეტესობას ხელები ჰქონდა შეკრული, ასევე, მათ მუხლებში ესროლეს.

პოლიციის წარმომადგენლის ინფორმაციითვე, მიმდინარეობს სამუშაოები, რათა ცხედრები მასობრივი საფლავებიდან ამოიყვანონ და მათი იდენტიფიცირება მოხდეს.  

1 200 ადამიანის ცხედარი იდენტიფიცირებული არ არის - მათ შორის არიან მოქალაქეებიც, რომელთა ცხედრები მასობრივ საფლავებში იპოვეს.  

პოლიციის უფროსის, იგორ კლიმენკოს ცნობით, 12 000 უკრაინელის მკვლელობის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს - მათი 75% კაცია, 2% ბავშვი, დანარჩენი კი - ქალი.  

"ბუჩაში, ირპინში, გოსტომელსა და ბოროდიანკაში უამრავი მოკლული ადამიანი იყო - ცხედრები ქუჩაში ვიპოვეთ. სნაიპერები მათ ტანკებიდან, ჯავშანტრანსპორტიორებიდან ესროდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებს თეთრი სამკლაური ეკეთათ, რომლის ტარებაც რუსებმა აიძულეს". - ამბობს კლიმენკო.  

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსი ოკუპანტები მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ. უკრაინაში რუსეთის ქმედებები ომის დანაშაულად მრავალმა ქვეყანამ შეაფასა. ერთ-ერთი უკრაინული ქალაქი, რომელშიც ყველაზე მეტი მოკლული უკრაინელის ცხედარი აღმოაჩინეს, ბუჩაა - ოფიციალური პირების ცნოობით, ყოველი მესამე დაღუპული კიევის ოლქში ბუჩიდან არის. ქალაქში, ბოლო მონაცემებით, 400-ზე მეტი ადამიანის ცხედარია აღმოჩენილი - ზუსტი რიცხვი უცნობია. უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოკუპანტები მათ უსაფრთხო საევაკუაციო კორიდორებით მოქალაქეების გამოყვანის საშუალებას, ხშირ შემთხვევაში, არ აძლევენ - მსგავსი მდგომარეობა იყო ქალაქ მარიუპოლში, სადაც ოკუპანტებმა წინასწარ შეთანხმებული საევაკუაციო კორიდორი მრავალჯერ დაბომბეს, რის გამოც მოქალაქეების ქალაქიდან გამოყვანა გართულდა. 

კომენტარები