5 ივლისი

NGO-ები: TV პირველის სიუჟეტი ქმნის დაშვებას, რომ 5 ივლისის უკან შესაძლოა სუს-ი იდგეს

დავით კუტალაძე 5 ივლისის ძალადობების დროს
Reuters

8 არასამთავრობო ორგზანიზაცია განცხადებით ეხმაურება 12 ივნისს ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელშიც ნაჩვენებია სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიმოწერა, რომლებიც 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზებაში არიან ჩართულები.

"ამ დრომდე 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი მასობრივი ძალადობა საპოლიციო უმოქმედობისა და ჟურნალისტებისა და აქტივისტების დასაცავად სახელმწიფოს დემონსტრაციული პასიურობის განსაკუთრებულ შემთხვევად ფასდებოდა, თუმცა 12 ივნისს გასაჯაროვებული ინფორმაცია ქმნის კიდევ უფრო სახიფათო და შემაშფოთებელ დაშვებას, რომ მასობრივი ძალადობის დაგეგმვისა და პროცესების მართვის უკან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შესაძლოა იდგეს". - წერენ ორგანიზაციები.

არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებაში წერენ, რომ 5 ივლისს გამოვლენილ ძალადობებზე არაეფექტიანად ჩატარებული გამოძიება ერთ-ერთი კრიტიკული საკითხია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში. ასევე, მათი თქმით, "ჟურნალისტებისა და აქტივისტური ჯგუფების მიმართ გამოვლენლი მასობრივი ძალადობის შეწყნარება" საზოგადოებაში დაუცველობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის გაწყობებს ქმნის.

"5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებული პროცესების ჯაჭვი და სუს-ის საქმიანობის ინსტიტუციური ჩავარდნები, მთლიანობაში უსაფრთხოების სისტემის მედეგობას ეჭვქვეშ აყენებს და ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების უმძიმესს გამოცდილებას ქმნის". - წერია განცხადებაში.

ორგანიზაციები მოუწოდებენ პროკურატურასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

" 1. მიმდინარე ფაქტებზე დაუყოვნებლივ დაიწყოს /უზრუნველყოს დროული, ეფექტიანი დადამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება; 

2. დაუყოვნებლივ გამოიყენონ სამართლებრივი მექანიზმები 5-6 ივლისს ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ;

3. საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების პროგრესისა და შედეგების შესახებ".

ხოლო საქართველოს პარლამენტს კი მოუწოდებენ, რომ "გამოიყენოს ყველა შესაძლო საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი 5-6 ივლისს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის ეფექტიანობისა და კანონიერების შემოწმების მიზნით, მათ შორის, ამ მოვლენების გამოძიების, პრორუსული ჯგუფების საქმიანობის უსაფრთხოების პერსპექტივით შემოწმებისა და ძალადობრივ ექსტრემიზმთან გასამკლავებლად სუს-ის მიერ მიღებული ზომების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად".

განცხადებას ხელს აწერენ:

  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო 
  • უფლებები საქართველო
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • ღია საზოგადება საქართველო (OSGF)

2021 წელს ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები. პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები. სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყა

 

კომენტარები