ბულგარეთის ნაკრები

დაშავებულ ბულგარელ ფეხბურთელს, ტოდორ ნედელევს ოპერაცია ჩაუტარდა

დაშავებულ ბულგარელ ფეხბურთელს, ტოდორ ნედელევს კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. ინფორმაციას ბულგარული მედია ვიქტორ იგნატოვზე - ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის პრესსამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. ნედელევი ინგოროყვას კლინიკაშა გადაყვანილი. 

იგნატოვის ინფორმაციით, ავარიისას ჩამსხვრეული შუშის ნაწილი ფეხბურთელს თავში მოხვდა. მისივე ინფორმაციით, ნედელევს თავის ქალა გაუტყდა. ის დაკვირვების ქვეშ, სულ მცირე, 1 კვირის განმავლობაში უნდა იყოს. იგნატოვის სიტყვებით, ყველაზე ოპტიმისტური ვარიანტით, ნედელევი სრულად 3 თვეში გამოჯანმრთელდება. 

ავტობუსი, რომელშიც ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელები იმყოფებოდნენ, თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვდა - შედეგად ერთი ფეხბურთელი, ტოდორ ნედელევი დაშავდა. 

როგორც ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, "მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა" თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე მოხდა - ორი ავტობუსის მძღოლიდან ერთ-ერთმა საჭეზე კონტროლი დაკარგა. მათივე ცნობით, დაშავებული ფეხბურთელი, ტოდორ ნედელევი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც გამოკვლევები უტარდება. ნაკრების სხვა ფეხბურთელები და ავტობუსში მყოფი გუნდის სხვა წევრები თავს კარგად გრძნობენ.   

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

კომენტარები