ბულგარეთის ნაკრები

ბულგარეთის ნაკრების ავტობუსი თბილისში ავარიაში მოხვდა – დაშავდა ფეხბურთელი ტოდორ ნედელევი

ავტობუსი, რომელშიც ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელები იმყოფებოდნენ, თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვდა - შედეგად ერთი ფეხბურთელი, ტოდორ ნედელევი დაშავდა

როგორც ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, "მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა" თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე მოხდა - ორი ავტობუსის მძღოლიდან ერთ-ერთმა საჭეზე კონტროლი დაკარგა. მათივე ცნობით, დაშავებული ფეხბურთელი, ტოდორ ნედელევი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც გამოკვლევები უტარდება. ნაკრების სხვა ფეხბურთელები და ავტობუსში მყოფი გუნდის სხვა წევრები თავს კარგად გრძნობენ.   

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

ბულგარეთის ნაკრები საქართველოს ნაკრებს კვირას, 12 ივნისს უნდა შეხვდეს. 

კომენტარები