რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტეფანჩუკი: უნგრეთი უკრაინისთვის ლაფის დასხმასა და რუსეთის გათეთრებას კვლავ აგრძელებს

Ruslan Stefanchuk / Facebook

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის თქმით, უნგრეთი ჯიუტად აგრძელებს უკრაინისთვის ლაფის დასხმასა და რუსეთის გათეთრებას. სტეფანჩუკი უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, ლასლო კევერის გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ვერ იხსენებს ვინმე უკრაინის პრეზიდენტის მსგავსი ტონით ითხოვდეს დახმარებას. 

"მთელი დემოკრატიული სამყარო გაკვირვებითა და შეშფოთებით უყურებს არა პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლებს, არამედ უნგრეთის პოზიციას, რომელიც დაჟინებით აგრძელებს უკრაინისთვის ლაფის დასხმასა და რუსეთის გათეთრებას". - წერს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე.

"უნგრეთმა უნდა შეწყვიტოს წარსულის პრობლემებით ცხოვრება" - აღნიშნა სტეფანჩუკმა და ქვეყანას მოუწოდა, ზაკარპატიის ოლქში მცხოვრები უნგრელების თხოვნა გაითვალისწინონ და "საკუთარი სახლის რუსეთისგან დასაცავად" იარაღი მიაწოდონ.

"უნგრეთის პარლამენტის სპიკერისგან განსხვავებით, ჩვენ, უკრაინელები, მათ შორის ზაკარპატიის ოლქში მცხოვრები უნგრელები, დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს და საკმაოდ სწრაფად აღდგება". - წერს უკრაინის რადას თავმჯდომარე.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები