უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექს რეზნიკოვის თქმით, ოპტიმისტური პროგნოზით, რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომი შეიძლება მიმდინარე წელს ნამდვილად დასრულდეს. რეზნიკოვმა ამის შესახებ უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმ GLOBSEC 2022-ზე გამოსვლისას ისაუბრა.
"რუსეთი აგრძელებს მთელი ჩვენი სახელმწიფოს ოკუპაციის მცდელობას. ჯერ კიდევ შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ როდის დასრულდება ომი, მაგრამ ჩემი ოპტიმისტური პროგნოზით, ეს ნამდვილად შეიძლება მოხდეს წელს". – თქვა რეზნიკოვმა.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





