რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დონბასში უმართავი საბრძოლო მასალის გამოყენებას მოქალაქეები ემსხვერპლნენ – ბრიტანეთი

რუსი ოკუპანტები უკრაინაში

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურად განახლებად ანგარიშში ვკითხულობთ, რომ უკრაინის დონბასის რეგიონში რუსული საჰაერო თავდასხმების სიხშირე როგორც მართვადი, ასევე უმართავი საბრძოლო მასალის გამოყენებით, კვლავ მაღალია. 

"დონბასში უმართავი საბრძოლო მასალის მზარდ გამოყენებას დასახლებული ტერიტორიის განადგურება და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მოჰყვა". - ვკითხულობთ ყოველდღიურად განახლებად ანგარიშში.

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთმა მცოცავი წინსვლის მხარდასაჭერად ტაქტიკური იარაღის გამოყენება გაზარდა, რომელიც საჰაერო დარტყმებსა და მასობრივ საარტილერიო თავდასხმებს აერთიანებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ დონბასის რეგიონში საჰაერო და საარტილერიო თავდასხმების კომბინაცია ოკუპანტების წინსვლის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები