რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: უკრაინა ევროკავშირის დე ფაქტო წევრი უკვე გახდა

Efrem Lukatsky/AP

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლუქსემბურგის პარლამენტში ვიდეომიმართვის დროს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა თავს უკვე ევროკავშირის ნაწილად თვლის.

"უკრაინა ევროკავშირის დე ფაქტო წევრი უკვე გახდა. მე მჯერა, რომ უკრაინა თავის ქმედებებით უკვე აჩვენებს, რომ ევროპულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს". - განაცხადა ზელენსკიმ.

მიმართვის დროს, ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი პირდაპირ სახელით არ მოიხსენია, თუმცა, მიანიშნა, რომ ირიბად სწორედ მას გულისხმობდა.

"თქვენ ეს პიროვნება უნდა შეაჩეროთ, რომ ევროპული ღირებულებები არ გაანადგუროს. თუ ჩვენ ერთად ვერ მოვახერხეთ ამ კაცის შეჩერება, ესე იგი, ეს არის ბნელი საათები - ბნელი საათები, რომლებიც მე-2 მსოფლიო ომის დროს უკვე გამოვიარეთ". - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები უნდა დააწესოს. ასევე, ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას უფრო მეტი თანამედროვე იარაღი უნდა მიაწოდონ.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები