ოკუპირებული ცხინვალი

ზახაროვა გაგლოევის მიერ ე.წ. რეფერენდუმის შეჩერებაზე: ჯანსაღი გადაწყვეტილებაა

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა

ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტი ლიდერის, ალან გაგლოევის მიერ რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმის შეჩერებასთან დაკავშირებით კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ გააკეთა. ზახაროვამ მარიონეტი ლიდერის გადაწყვეტილებას "ჯანსაღი" უწოდა. 

"იმის გათვალისწინებით, რომ ექსპრეზიდენტი ბიბილოვის მოცემული ინიციატივა ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა, სახელმწიფოს ახალი მეთაურის გადაწყვეტილებას, შეეჩერებინა 2022 წლის 13 მაისის ბრძანება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის რეფერენდუმის დანიშვნაზე, ვაფასებთ, როგორც ჯანსაღს, შეესაბამება ჩვენს ქვეყნებს შორის მოკავშირეულ სულისკვეთებასა და რუსეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მჭიდრო ორმხრივი კოორდინაციის პრინციპს". – თქვა მარია ზახაროვამ.

ამას გარდა, რუსეთის საგარეო უწყების სპიკერმა თქვა, რომ რუსეთი მზადაა მარიონეტულ რეჟიმთან ინტეგრაციის შემდგომი გზები განიხილოს.

"რუსული მხარე მზადაა კონსულტაციები გამართოს პარტნიორებთან სამხრეთ ოსეთიდან, რათა განიხილოს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის შემდგომი ინტეგრაციის გზები". – დაამატა ზახაროვამ.


ოკუპირებული ცხინვალის ახალმა მარიონეტმა ლიდერმა გასულ დღეებში თავდაპირველად ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება ძვირი დაუჯდებოდათ და პროცესისთვის ფულის სესხება დასჭირდებოდათ, რამდენიმე საათის შემდეგ კი პროცესი შეაჩერა

ოკუპირებული ცხინვალის ყოფილმა მარიონეტმა ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა, მმართველობის ბოლო დღეებში, 13 მაისს რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმის თარიღად 17 ივლისი დაასახელა

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ალან გაგლოევი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთებას მხარს უჭერს, თუმცა მან ბიბილოვი ე.წ. რეფერენდუმის თარიღის ნაჩქარევად დანიშვნის გამო გააკრიტიკა.

აქამდე გაგლოევმა აღნიშნა, რომ რეფერენდუმი ცალმხრივი არაა და მის ჩასატარებლად ისინი რუსეთის მხრიდან ნიშანს უნდა დალოდებოდნენ.

"ეს არ არის ცალმხრივი პროცესი. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რუსეთის ფედერაცია დაკავებულია გეოპოლიტიკური საკითხის გადაჭრით, ატარებს სეპცოპერაციას უკრაინაში ნეონაცისტური წარმონაქმნების განადგურებისთვის. ჩვენ უნდა გვესმოდეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის. როგორც კი სიგნალი იქნება, როგორც კი გავიგებთ, რომ დრო დადგა, ჩვენ აუცილებლად ჩავატარებთ ამ რეფერენდუმს". – ამობდა გაგლოევი.

ანატოლი ბიბილოვი, რომელიც ე.წ. არჩევნებში დამარცხდა, ოკუპირებული ცხინვალის რუსეთისთვის შეერთებასა და ორი რეფერენდუმის დანიშვნას გეგმავდა. პირველი ე.წ. რეფერენდუმით, მას რუსეთთან გაერთიანების საკითხის გადაწყვეტა სურდა, მეორეთი კი ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანება ერთიანი ფედერაციული სუბიექტის შექმნა.

ე.წ. რეფერენდუმის ფორმულირება კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა დაიწუნა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობას ამ ეტაპზე არ გეგმავს.

კომენტარები