ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტმა, ალან გაგლოევმა ლიდერმა რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმზე საუბრისას პროცესისთვის არასაკმარის ფინანსებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპირებული რეგიონის შეერთების მზადყოფნა თუ იქნება, ისინი ე.წ. რეფერენდუმის ჩასატარებლად ფულს ისესხებენ.
"ჩვენ მის (რეფერენდუმის) ჩასატარებლად შეგვიძლია შესაძლებლობები გამოვნახოთ, ავიღოთ სესხი ბანკში, თუ რუსეთი მზადაა საკუთარ შემადგენლობაში მიგვიღოს". – თქვა გაგლოევმა.
გაგლოევის თქმით, ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას 32.5 მილიონი რუბლი დაუჯდება, რაც დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარია.
ოკუპირებული ცხინვალის ყოფილმა მარიონეტმა ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა, მმართველობის ბოლო დღეებში, 13 მაისს რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმის თარიღად 17 ივლისი დაასახელა.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ალან გაგლოევი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთებას მხარს უჭერს, თუმცა მან ბიბილოვი ე.წ. რეფერენდუმის თარიღის ნაჩქარევად დანიშვნის გამო გააკრიტიკა.
აქამდე გაგლოევმა აღნიშნა, რომ რეფერენდუმი ცალმხრივი არაა და მის ჩასატარებლად ისინი რუსეთის მხრიდან ნიშანს უნდა დალოდებოდნენ.
"ეს არ არის ცალმხრივი პროცესი. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რუსეთის ფედერაცია დაკავებულია გეოპოლიტიკური საკითხის გადაჭრით, ატარებს სეპცოპერაციას უკრაინაში ნეონაცისტური წარმონაქმნების განადგურებისთვის. ჩვენ უნდა გვესმოდეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის. როგორც კი სიგნალი იქნება, როგორც კი გავიგებთ, რომ დრო დადგა, ჩვენ აუცილებლად ჩავატარებთ ამ რეფერენდუმს". – ამობდა გაგლოევი.
ანატოლი ბიბილოვი, რომელიც ე.წ. არჩევნებში დამარცხდა, ოკუპირებული ცხინვალის რუსეთისთვის შეერთებასა და ორი რეფერენდუმის დანიშვნას გეგმავდა. პირველი ე.წ. რეფერენდუმით, მას რუსეთთან გაერთიანების საკითხის გადაწყვეტა სურდა, მეორეთი კი ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანება ერთიანი ფედერაციული სუბიექტის შექმნა.
ე.წ. რეფერენდუმის ფორმულირება კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა დაიწუნა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობას ამ ეტაპზე არ გეგმავს.
24 მაისიდან მარიონეტი ლიდერის ფუნქციების შესრულება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ალან გაგლოევმა დაიწყო.