ბორჯომი

ბორჯომის ქარხნის 400-მდე თანამშრომელი უვადოდ გაიფიცა

გიორგი დიასამიძე

კომპანია ბორჯომის ორივე ჩამომსხმელი ქარხნის 400-მდე თანამშრომელი 31 მაისის 06:00 საათიდან უვადოდ გაიფიცა. ისინი აცხადებენ, რომ სამუშაო ადგილებს იქამდე არ დაუბრუნდებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

გაფიცულ თანამშრომლებს შემდეგი მოთხოვნები აქვთ: 

  • 50 გათავისუფლებული ადამიანის სამსახურში აღდგენა; 
  • ძველი ხელშეკრულებების დაბრუნება და ხელფასების 25%-ით მომატება; 
  • 3-6 თვიანი და 1-წლიანი ხელშეკრულებით დასაქმებულების უვადო ხელშეკრულებებზე გადაყვანა და თანამშრომლებზე ზეწოლასა და მუქარაში შემჩნეული ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება

"ამ სიტუაციამდე იმიტომ მივედით, რომ ხელშეკრულება არ შევცვალეთ. უნდოდათ, რომ ჩვენი ანაზღაურება საათობრივზე გადაეყვანათ, ჩვენ კი გვსურს, რომ ფიქსირებული ხელფასები შევინარჩუნოთ. ზედმეტს არაფერს ვითხოვთ. ვინც ხელი არ მოვაწერეთ, 2 თვეა, რაც ხელფასი არ აგვიღია. ხოლო ვინც მოაწერა, მათ ჩაერიცხათ. 

იყო ზეწოლა, მესიჯების მოწერა და ა.შ. უფროსისგან მივიღეთ შეტყობინება, რომ თუ ხელს არ მოვაწერდით, ხელფასი არ ჩაგვერიცხებოდა. ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ჩვენი მოთხოვნები შესრულდეს, სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვეს". - ამბობს ბორჯომის ქარხნის თანამშრომელი, მარიამ დვალიშვილი.

აღნიშნულ თემას გამოეხმაურა აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი, გიორგი დიასამიძე.

"სრულმასშტაბიანი გაფიცვა განხორციელდა. პირველი და მეორე ჩამომსხმელი ქარხნები არ ფუნქციონირებს და სრულიად პარალიზებულია. გავაგრძელებთ ამ სამართლიან გაფიცვას, სანამ დასაქმებულთა შრომითი უფლებები არ აღდგება და მათი მოთხოვნები არ შესრულდება". - ამბობს დიასამიძე.

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, სახელმწიფო ბორჯომის აქციების ნაწილს სანქცირებული პირებისგან თავის საკუთრებაში აიღებს, რათა კომპანია ბორჯომში კონტროლის კუთხით კითხვა აღარ იყოს და კომპანიამ შეძლოს სრულფასოვანი ფუნქციონირება.

IDS​ ბორჯომი მზადაა, აქციების ნაწილი საქართველოს მთავრობას უსასყიდლოდ გადასცეს. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას კომპანიის მართვაში მონაწილეობის უფლება ექნება, შესაბამისად, ჩნდება პერსპექტივა, რომ ბორჯომის ორივე ქარხანამ შეჩერებული საწარმოო პროცესი განაახლოს.

კომპანია ბორჯომმა სანქციების გამო წარმოება დროებით შეაჩერა. კომპანიის განცხადებით, მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ ძირითად სარეალიზაციო ბაზარზე შექმნილი რთული ვითარებაა, რასაც ემატება საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა.

IDS ბორჯომის საკონტროლო პაკეტს Alfa Group-ი ფლობს. Alfa Group-ის დამფუძნებელი კი რუსი სანქცირებული მილიარდერი, მიხაილ ფრიდმანია. Alfa Group მოიცავს რუსეთის ტოპ კერძო ბანკს Alfa Bank-სა და 7 კომპანიას -. მასში IDS Borjomi International-იც შედის.

კომენტარები