ბორჯომი

ბორჯომის აქციების უსასყიდლოდ გადმოცემა – გადაწყვეტილებას მთავრობის სხდომაზე მიიღებენ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს, 20 მაისს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ყურადღება გამახვილდა კომპანია ბორჯომის შეთავაზებაზე, რაც მფლობელი კომპანიის მიერ საქართველოს მთავრობისთვის აქციების უსასყიდლოდ გადაცემას გულისხმობს.

მათივე ცნობით, ღარიბაშვილმა სამინისტროებს აქტიურად მუშაობა დაავალა, რათა შესაბამისი პროცედურები მოკლე ვადებში დასრულდეს.

მიღებული გადაწყვეტილება მთავრობის უახლოეს სხდომაზე გახდება ცნობილი.

"ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდა კომპანია ბორჯომის შეთავაზებაზე, მაკონტროლებელი კომპანიის მიერ საქართველოს მთავრობისთვის აქციების უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე. პრემიერ-მინისტრმა სამინისტროებს დაავალა აქტიურად იმუშაონ, რათა შესაბამისი პროცედურები მოკლე ვადებში დასრულდეს. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის უახლოეს სხდომაზე გახდება ცნობილი". - წერია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

IDS​ ბორჯომი მზადაა, აქციების ნაწილი საქართველოს მთავრობას უსასყიდლოდ გადასცეს. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას კომპანიის მართვაში მონაწილეობის უფლება ექნება, შესაბამისად, ჩნდება პერსპექტივა, რომ ბორჯომის ორივე ქარხანამ შეჩერებული საწარმოო პროცესი განაახლოს.

კომპანია ბორჯომმა სანქციების გამო წარმოება დროებით შეაჩერა. კომპანიის განცხადებით, მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ ძირითად სარეალიზაციო ბაზარზე შექმნილი რთული ვითარებაა, რასაც ემატება საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა.

IDS ბორჯომის საკონტროლო პაკეტს Alfa Group-ი ფლობს. Alfa Group-ის დამფუძნებელი კი რუსი სანქცირებული მილიარდერი, მიხაილ ფრიდმანია. Alfa Group მოიცავს რუსეთის ტოპ კერძო ბანკს Alfa Bank-სა და 7 კომპანიას -. მასში IDS Borjomi International-იც შედის.

კომენტარები