თავდასხმა ტრანსგენდერებზე

Tbilisi Pride თავდასხმაზე: დაუსჯელობისა და LGBTQ+ თემის წინააღმდეგ წახალისებული ძალადობის გამოძახილია

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

Tbilisi Pride 29 მაისს თბილისში ტრანსგენდერ ქალებზე თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს მოძალადეების დაუსჯელობისა და ხელისუფლების მიერ LGBTQ+ თემის წევრების წინააღმდეგ წახალისებული ძალადობის გამოძახილია.

"ეს არ არის ტრანსფობიური მოტივით და გენდერული ნიშნით თავდასხმის ერთეული შემთხვევა. ძალადობასთან გამკლავება ტრანსგენდერი ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ეს ყველაფერი მოძალადეების დაუსჯელობისა და ხელისუფლების მიერ LGBTQ+ თემის წევრების წინააღმდეგ წახალისებული ძალადობის გამოძახილია. Სახელმწიფოს დღემდე არ გააჩნია ჰომოფობიისა და ტრანსფობიის აღმოფხვრისაკენ მიმართული პოლიტიკა, რის გამოც LGBTQ+ ადამიანების უფლებების დაცვა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულება შეუძლებელი ხდება". – ნათქვამია განცხადებაში.

Tbilisi Pride განცხადებით, მსგავსი კრიზისული სიტუაციების დროს, კიდევ უფრო აშკარაა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ შექმნას თავშესაფარი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და უსახლკაროდ დარჩენილი LGBTQ+ ადამიანებისთვის.

Tbilisi Pride მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მყისიერად და ეფექტურად გამოიძიოს ტრანსფობიის ეს გამოვლინება და უზრუნველყოს თავდასხმის მსხვერპლი ტრანსგენდერი ქალების უსაფრთხოების დაცვა.

ამასთან, ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, სავარაუდო დამნაშავეების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისას მხედველობაში მიიღოს გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი, როგორც სავარაუდო დანაშაულის დამამძიმებელი გარემოება.

29 მაისს, გამთენიისას თბილისში ტრანსგენდერ ქალებს 30-მდე კაცი თავს დაესხა. ერთ-ერთი დაზარალებულის თქმით, თავდაპირველად მასთან მისული კაცი სექს მომსახურებაზე უარმა გააღიზიანა, რასაც მუქარა მოჰყვა. ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც. ტრანსგენდერი ქალის თქმით, კაცმა რამდენიმე ადამიანს დაურეკა, რის შემდეგაც ათეულობით მამაკაცი მასთან ერთად მცხოვრებ ქალებს სახლთან დახვდა და მათზე ფიზიკურად იძალადა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად მუქარას გულისხმობს.

კომენტარები