შვედეთი-ფინეთი-NATO

ერდოღანი: ანკარა ვერ დაუშვებს ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების NATO-ში გაწევრიანებას

Presidential Press Office/Handout via REUTERS

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ის ვერ დაუშვებს NATO-ში გაწევრიანდნენ ის ქვეყნები, რომლებიც ტერორიზმს უჭერენ მხარს. ერდოღანმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ფინეთისა და შვედეთის დელეგაციებთან "მოსალოდნელ დონეზე არ წარიმართა".

"სანამ ერდოღანი თურქეთის რესპუბლიკის მეთაურია, ჩვენ არ შეგვიძლია NATO-ში წევრობაზე "კი" ვუთხრათ იმ ქვეყნებს, რომლებიც ტერორიზმს უჭერენ მხარს". - აღნიშნა აზერბაიჯანიდან დაბრუნებულმა თურქეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

Reuter-ის წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები სკანდინავიის ქვეყნებსა და თურქეთს შორის მცირე წინსვლით მიმდინარეობს. ჯერ უცნობია, დელეგაციები კვლავ როდის შეხვდებიან ერთმანეთს. 

18 მაისს ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებმა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს NATO-ში გაწევრიანების განაცხადები ოფიციალურად გადასცეს. ფინეთსა და შვედეთში NATO-ში გაწევრიანების შესახებ აქტიური საუბრები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფინეთის საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი წინა მონაცემებთან შედარებით 19%-ით – 62%-მდე იყო გაზრდილი.

ამავდროულად, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგია ალიანსის წევრი თურქეთი. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ შვედეთისა და ფინეთის დელეგაციები მის გადასაბირებლად თურქეთში ჩასვლაზე არ უნდა შეწუხდნენ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, წინააღმდეგობის მიზეზი ფინეთისა და შვედეთის მიერ ქურთისტანის მუშათა პარტიის/სახალხო თავდაცვის შენაერთის (PKK/YPG) მხარდაჭერაა, რომელსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, რომ კანდიდატმა ქვეყანამ ალიანსის ყველა წევრისგან მიიღოს რატიფიცირება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფინეთისა და შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას შეცდომა უწოდა, თუმცა, მისი თქმით, მათ ხარჯზე NATO-ს გაფართოებით რუსეთს პირდაპირი საფრთხე არ ექმნება.

კომენტარები