შვედეთი-ფინეთი-NATO

ჰავისტო: მნიშვნელოვანია, რომ თურქეთის პრობლემა NATO-ფინეთზე მადრიდის სამიტამდე გადაწყდეს

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰავისტო

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეკა ჰავისტოს თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრობლემა, რომელიც თურქეთს ფინეთის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აქვს, გადაწყდეს მანამ, სანამ ალიანსი ივნისის ბოლოს მადრიდში სამიტს გამართავს.

ჰავისტომ თქვა, რომ ადრე თუ გვიან ფინეთი და შვედეთი NATO-ს წევრი ქვეყნები გახდებიან. ჰავისტო ასევე აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებები თურქეთის მთავრობასთან გაგრძელდება.

ჰავისტომ, რომელიც თურქეთში შვედეთისა და ფინეთის დელეგაციასთან ერთად არ იმყოფებოდა, გამართულ მოლაპარაკებებს "კარგი შეხვედრა" უწოდა და თქვა, რომ დისკუსია ხუთი საათი გაგრძელდა.

"ჩვენი გადმოსახედიდან, დროის ფაქტორი მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ, რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველით NATO-ს სამიტს მადრიდში და ვიმედოვნებთ, რომ სამიტზე ახალი წევრები მინიმუმ მიწვეულები იქნებიან, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს თითოეულ წევრ სახელმწიფოზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, მათ პროცესზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ". - ამბობს ჰავისტო. 

რამდენიმე დღის წინ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს NATO-ში გაწევრიანებისთვის საკუთარი პირობები გააცნო.

18 მაისს ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებმა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს NATO-ში გაწევრიანების განაცხადები ოფიციალურად გადასცეს. ფინეთსა და შვედეთში NATO-ში გაწევრიანების შესახებ აქტიური საუბრები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფინეთის საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი წინა მონაცემებთან შედარებით 19%-ით – 62%-მდე იყო გაზრდილი.

ამავდროულად, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგია ალიანსის წევრი თურქეთი. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ შვედეთისა და ფინეთის დელეგაციები მის გადასაბირებლად თურქეთში ჩასვლაზე არ უნდა შეწუხდნენ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, წინააღმდეგობის მიზეზი ფინეთისა და შვედეთის მიერ ქურთისტანის მუშათა პარტიის/სახალხო თავდაცვის შენაერთის (PKK/YPG) მხარდაჭერაა, რომელსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, რომ კანდიდატმა ქვეყანამ ალიანსის ყველა წევრისგან მიიღოს რატიფიცირება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფინეთისა და შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას შეცდომა უწოდა, თუმცა, მისი თქმით, მათ ხარჯზე NATO-ს გაფართოებით რუსეთს პირდაპირი საფრთხე არ ექმნება.

კომენტარები