რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლუკაშენკომ ბელარუსის სამხრეთის ოლქში ახალი სამხედრო სარდლობის შექმნის ბრძანება გასცა

ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსიის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ქვეყნის სამხრეთის ოლქში, უკრაინის საზღვართან ახალი სამხედრო სარდლობის შექმნის ბრძანება გასცა. 

"ახალი ფრონტი გაიხსნა და ჩვენ არ შეგვიძლია, ყურადღება არ მივაქციოთ მას". – აღნიშნა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკოს თქმით, ახალი სამხედრო სარდლობის შექმნა გასულ წელს დაინიცირდა, თუმცა მისი შექმნა ახლა სასწრაფოდ გახდა საჭირო.

"მის შექმნამდეც კი, დღეს ვალდებული ვართ, სწრაფად, შევიმუშაოთ ჩვენი სამხრეთ საზღვრის დაცვა". – თქვა ლუკაშენკომ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა 24 მაისს თქვა, რომ რუსეთის აგრესია ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

კომენტარები