ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ 3 ბალისტიკური, მათ შორის ერთი კონტინენტთაშორისი რაკეტა გაისროლა

Hwasong-17-ის ტიპის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა ჩრდილოეთ კორეის აღლუმზე

ჩრდილოეთ კორეამ ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით 3 ბალისტიკური, მათ შორის ერთი კონტინენტთაშორისი რაკეტა გაისროლა. აღნიშნული ქმედება აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პრეზიდენტ იონ სოკ იოლთან შეხვედრას მოჰყვა.

ოფიციალური სეულის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეამ 3 ბალისტიკური რაკეტა ფხენიანთან ახლოს მდებარე სუნანის არეალიდან დილის 6:00 საათისკენ გაისროლა. 

პირველი რაკეტა, რომელიც სავარაუდოდ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა იყო, 360 კილომეტრის სიშორეზე აღმოსავლეთის ზღვაში ჩამოვარდა. მეორე, აფრენიდან მალევე გაქრდა რადარებიდან, ხოლო მესამე, სავარაუდოდ მცირე მანძილის ბალისტიკური რაკეტა 760 კილომეტრის სიშორეზე, ასევე აღმოსავლეთის ზღვაში ჩამოვარდა.

სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, პირველი რაკეტა სავარაუდოდ Hwasong-17 იყო, რომლის პრეზენტაცია ჩრდილოეთ კორეამ 2020 წლის ოქტომბერში გააკეთა და პირველად 2022 წლის თებერვალში გამოსცადა. მეორე და მესამე რაკეტები კი სავარაუდოდ KN-23 იყო, ასევე ცნობილი, როგორც რუსული Iskander-M-ის ჩრდილო კორეული ვერსია. 

21 მაისს ჯო ბაიდენი და მისი სამხრეთ კორეელი კოლეგა, პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი აშშ-სა და სამხრეთ კორეას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებასა და აქტიური სამხედრო წვრთნების წარმართვაზე შეთანხმდნენ. ასევე, საჭიროების შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეისთვის საპასუხოდ, ქვეყნებმა რეგიონში ამერიკული ბირთვული იარაღის შესაძლო განთავსების საკითხზე ისაუბრეს.

იუნმა, რომელმაც საპრეზიდენტო ფიცი გასულ კვირას დადო, აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეის აშშ-სთან პარტნიორობა უსაფრთხოების საკითხებს სცილდება და უფრო მეტ ტექნოლოგიურ და სამრეწველო შეთანხმებას მოიცავს. 

ჩრდილოეთ კორეამ 2022 წელს უკვე 16-მდე რაკეტა გამოსცადა. ასევე, 2017 წლის შემდეგ პირველად კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტაც დაიტესტა. აშშ-ს ოფიციალური პირების ცნობით, ფხენიანი ბირთვული იარაღის გამოცდის განახლების ზღვარზეა.

იუნმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ აშშ-სა და სამხრეთ კორეის საერთო მიზანი ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პოტენციალის სრული აღმოფხვრაა. პარტნიორების საერთო განცხადებაში განიმარტა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, ორივე სახელმწიფო "წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს უჭერს მხარს".

კომენტარები