აშშ-სამხრეთ კორეა

აშშ და სამხრეთ კორეა სამხედრო წვრთნების გაფართოებას გეგმავს

AP Photo/Evan Vucci

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და სამხრეთ კორეის ახალი პრეზიდენტი, იუნ სუკ იოლი საერთო სამხედრო წვრთნების გაფართოებაზე შეთანხმდნენ. წვრთნების მთავარი მიზანი ჩრდილოეთ კორეის შეკავებაა, რომელიც ბირთვული არსენალის გაფართოებას ცდილობს. 

შეხვედრის შემდეგ, ბაიდენმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეისა და აშშ-ს ეკონომიკური და სამხედრო თანამშრომლობა აჩვენებს ქვეყნების მზაობას "ყველა საფრთხეს ერთად გაუმკლავდნენ". 

იუნმა, რომელმაც საპრეზიდენტო ფიცი გასულ კვირას დადო, აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეის აშშ-სთან პარტნიორობა უსაფრთხოების საკითხებს სცილდება და უფრო მეტ ტექნოლოგიურ და სამრეწველო შეთანხმებას მოიცავს. 

ჩრდილოეთ კორეამ 2022 წელს უკვე 16-მდე რაკეტა გამოსცადა. ასევე, 2017 წლის შემდეგ პირველად კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტაც დაიტესტა. აშშ-ს ოფიციალური პირების ცნობით, ფხენიანი ბირთვული იარაღის გამოცდის განახლების ზღვარზეა.

იუნმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ აშშ-სა და სამხრეთ კორეის საერთო მიზანი ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პოტენციალის სრული აღმოფხვრაა. პარტნიორების საერთო განცხადებაში განიმარტა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, ორივე სახელმწიფო "წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს უჭერს მხარს".

კომენტარები