ტექნიკური უნივერსიტეტი

ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელი 1 288 000 ლარის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით დააკავეს

ტექნიკური უნივერსიტეტი
1TV

საქართველოს პროკურატურამ ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით დააკავა.

უწყების ცნობით, ბრალდებული, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა პირებთან ერთად თაღლითურად დაეუფლა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილ 1 288 000 ლარს.

პროკურატურის ინფორმაციით, ტექნიკური უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - მ.ა. სხვადასხვა პერიოდში, სახელფასო ბაზების შევსებისას, ხელფასის დასარიცხად უთითებდა ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლების პირად მონაცემებს, ხოლო მათ სახელფასო ანგარიშის ნაცვლად - საკუთარ საბანკო ანგარიშს, მითითებული თანხები კი მის ანგარიშზე ირციხებოდა.

"გარდა ამისა, ბრალდებული ხელფასის გასაწერად შედგენილ დოკუმენტში, ხელფასის დასარიცხად უთითებდა მისი სანაცნობო წრიდან მოძიებული პირების პირად მონაცემებს და საბანკო ანგარიშის ნომრებს, რის შედეგადაც ბრალდებულის ნაცნობ პირებს, რომლებიც არ წარმოადგენდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებს, ერიცხებოდათ ვითომდა შრომითი ანაზღაურება". – წერია პროკურატურის განცხადებაში.

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ა“ და "ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით.

კომენტარები