რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა დანიისგან Harpoon-ის ტიპის რაკეტებს მიიღებს

Harpoon-ის ტიპის რაკეტის გაშვება

აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, უკრაინა დანიისგან Harpoon-ის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს მიიღებს

დანიის მთავრობა უკრაინას დაჰპირდა, რომ გადასცემენ Harpoon-ის რაკეტების გამშვებს, რომელიც სატვირთო მანქანაზეა დამონრაჟებული და მათ მფლობელობაში 2003 წლიდან არის. 

"სხვა ინფორმაციასთან ერთად, მივიღეთ დასტური ჩვენი სანაპირო დაცვის გაძლიერებაზე. კერძოდ, ეს ეხება Harpoon-ის გამშვებებსა და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს. ამ სისტემების გადმოცემა შესაძლებელი გახდა ჩვენი რამდენიმე პარტნიორი ქვეყნის ერთობლივი მცდელობით. იყო სხვა სასიამოვნო სიურპრიზებიც, რომლებიც უკრაინის არმიის ძალას გაზრდის". – დაწერა Facebook-ზე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა. 

Harpoon-ი ამერიკული წარმოების ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემაა, რომლის განთავსება შეიძლება გემებზე, წყალქვეშა ნავებსა და მანქანებზე. უკრაინა ამ ტიპის სარაკეტო სისტემებს ომის დაწყების შემდეგ ითხოვდა.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები