რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პატრუშევი: სიმართლე ჩვენს მხარესაა

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა რუსულ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა. პატრუშევის თქმით, არ არსებობს ომის დასრულების ზუსტი თარიღი, ხოლო რუსეთი თავის დასახულ მიზნებს ბოლომდე აუცილებლად მიიყვანს.

"ჩვენ თარიღებს არ დავსდევთ. საჭიროა ნაციზმის 100%-ით აღმოფხვრა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის თავს წამოწევს რამდენიმე წლის შემდეგ, კიდევ უფრო მახინჯი ფორმით. პრეზიდენტის მიერ დასახელებული ყველა მიზანი შესრულდება. სხვაგვარად ვერ მოხდება, რადგან სიმართლე, მათ შორის ისტორიულიც, ჩვენი ქვეყნის მხარესაა". – თქვა პატრუშევმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა ბედი ეწევა უკრაინას, პეტრუშევმა უპასუხა, რომ უკრაინის ბედს მის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი გადაწყვეტს.

"უკრაინის ბედს მის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი გადაწყვეტს. მინდა შეგახსენოთ, ჩვენი ქვეყანა არასდროს არ წყვეტდა სუვერენული სახელმწიფოების ბედს. პირიქით, ჩვენ ვეხმარებოდით მათ სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში". – ამბობს პატრუშევი.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები