რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დუტერტე: პუტინისგან განსხვავებით მე კრიმინალებს ვკლავ და არა მოხუცებსა და ბავშვებს

AP

ფილიპინების პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერტემ, რომელიც თანამდებობას 30 ივნისს დატოვებს, რუსი კოლეგა ვლადიმირ პუტინი გააკრიტიკა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი ორივე მათგან მკვლელს უწოდებს, ის პუტინისგან განსხვავებით კრიმინალებს კლავს და არა მოხუცებსა და ბავშვებს.

დუტერტემ, რომელიც წლების განმავლობაში პუტინს მისაბაძ მაგალითად და მეგობრად იხსენიებდა, რუსეთის უკრაინაში შეჭრა პირველად დაგმო. ამავდროულად, დუტერტემ განაცხადა, რომ ომმა ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ფილიპინებში, ნავთობის გაძვირება გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე დუტერტეს უკრაინაში მიმდინარე ომი ღიად არ დაუგმია, თუმცა ამბობდა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა არა "სპეციალური სამხედრო ოპერაცია", არამედ სრულმაშსტაბიანი ომია "სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ".

"ბევრი ამბობს, რომ მე და პუტინი ორივე მკვლელები ვართ. ფილიპინელებს მუდმივად ვეუბნებოდი, რომ დიახ, მე მართლა ვკლავ. თუმცა, მე ვკლავს კრიმინალებს და არა მოხუცებსა და ბავშვებს. ჩვენ ორ სხვადასხვა სამყაროში ვართ". - თქვა დუტერტემ.

დუტერტეს საპრეზიდენტო ვადა 30 ივნისს ეწურება. 6-წლიანი მმართველობის პერიოდში დუტერტემ ნარკომოვაჭრეებთან ბრუტალური ომი დაიწყო, რომლის შედეგადაც 6000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე და ბავშვი.

დუტერტეს ნარკოპოლიტიკაზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო გამოძიებას აწარმოებს, როგორც სავარაუდო კაცობრიობის წინაშე ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე. დუტერტეს თქმით, ის ელოდება, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მის წინააღმდეგ კიდევ არაერთი სასამართლო პროცესი დაიწყება.

კომენტარები