რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დენისოვა: რუსი ჯარისკაცების მიერ გაუპატიურების შედეგად, 2 და 3 წლის ბავშვები დაიღუპნენ

უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სიტყვით გამოსვლის დროს, რუსების მიერ უკრაინაში განხორციელებულ ომის დანაშაულებზე ისაუბრა. დენისოვას თქმით, რუსი ოკუპანტები 2-3 წლის ბავშვებსაც აუპატიურებდნენ.

"მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს ხაზი გავუსვი იმას, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი ყველაზე მეტად მშვიდობიან მოქალაქეებს აზიანებს. ყოველდღიურად 700-800 ჩვენი თანამოქალაქე რეკავს ცხელ ხაზზე იმისთვის, რათა რუსების მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე შეგვატყობინოს. 1500-მა უკრაინელმა გამბედაობა იპოვა, რომ ფსიქოლოგიური დახმარებისთვის მიემართა და ყველაზე საშინელი დანაშაულების - სექსუალური ხასიათის წამების შესახებ მოეყოლა. რაშისტი სამხედროების გაუპატიურების შედეგად ტანჯვით დაღუპული 2 და 3 წლის ბავშვების დედებისგან მივიღე მითითება, რომ ამ საშინელების შესახებ მთელი მსოფლიოსთვის მეცნობებინა. მასობრივი სექსუალური დანაშაულები რუსების ომის ტაქტიკაა, რომ უკრაინელი ხალხი გაანადგურონ. ეს არის იარაღი იმისთვის, რომ უკრაინული სული გატეხონ, თუმცა ეს არ მოხდება. ჩვენ ყველას მშვიდობა გვსურს, მაგრამ არა ჩვენი ქალების, გოგონებისა და ბიჭების სიცოცხლის ფასად. მხოლოდ უკრაინელი ხალხის გამარჯვებით და ეს აუცილებლად ასე იქნება. დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!". - წერს უკრაინის სახალხო დამცველი. 

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები