რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

WSJ: ტრამპი უკრაინის დრონების ინდუსტრიით აღფრთოვანდა, ზელენსკისადმი ოპტიმისტურად განეწყო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Saul Loeb/AFP/Getty Images

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეგონა, რომ უკრაინა ომს აგებდა, თუმცა, ტრამპთან დაახლოებული პირების მიხედვით, ბოლო კვირებში აშშ-ს პრეზიდენტმა ოპტიმიზმი გამოხატა უკრაინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ. 

წყაროების თქმით, ზელენსკის გამძლეობამ პრეზიდენტ ტრამპზე შთაბეჭდილება მოახდინა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა უკრაინას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში წარმატებული იერიშები მიაქვს. 

ადმინისტრაციის გავლენიანი მაღალჩინოსნის მიხედვით, ტრამპს გამარჯვებულები მოსწონს, ხოლო ზელენსკი, აშშ-ს პრეზიდენტის გადმოსახედიდან, უფრო და უფრო ჰგავს ომში გამარჯვებულს.

WSJ-ს წყაროების ცნობით, ტრამპის დამოკიდებულების ცვლილება რამდენიმე გლობალური სამიტის დროს ზელენსკისთან შეხვედრამ განაპირობა, რის ფარგლებშიც უკრაინის პრეზიდენტმა მისი მოხიბვლა სცადა. 

საკითხზე ინფორმირებული პირების მიხედვით, პრეზიდენტი ტრამპი ასევე აღფრთოვანებულია უკრაინის დრონების ინდუსტრიითაც, განსაკუთრებით უკრაინელების თავდაცვის უნარით ისეთი დრონების წინააღმდეგ, რომლებთანაც გამკლავება ახლა აშშ-ს ირანთან ომში უწევს. 

როგორც გამოცემას ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განუცხადა, ტრამპს თავდაპირველად მიაჩნდა, რომ რუსეთის არმია უკრაინის დამარცხებას შეძლებდა, თუმცა, ტრამპთან დაახლოებული ადამიანების მიხედვით, ის ახლა პუტინს ნაკლებად დადებითად აღიქვამს. 

WSJ-ს ინფორმაციით, ტრამპის შეხედულებებზე გავლენა სხვა ფაქტორებმაც იქონია, მათ შორის, უკრაინელ მოკრივე ოლექსანდრ უსიკთან შეხვედრამაც. ამასთან, ბოლო პერიოდში აშშ-ს პრეზიდენტს საუბრები ჰქონდა მემარჯვენე აქტივისტ ლორა ლუმერთანაც, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში უკრაინას აკრიტიკებდა, თუმცა, ბოლო პერიოდში მან პოზიცია შეიცვალა, კიევში გაემგზავრა და ზელენსკისთან ინტერვიუც ჩაწერა. 

ლუმერთან ინტერვიუში ზელენსკიმ ისაუბრა პრეზიდენტ ტრამპთან ურთიერთობებში გარდამტეხ მომენტზე, როცა ვატიკანში პაპი ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიაზე ჩასული ლიდერები ერთმანეთს წმინდა პეტრეს ბაზილიკაში შეხვდნენ. ზელენსკიმ შეხვედრას ისტორიული მომენტი უწოდა და აღნიშნა, რომ ტრამპთან ურთიერთობები "15-20 წუთის განმავლობაში შეიცვალა".

კომენტარები