რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლანდსბერგისმა მოკავშირე ქვეყნებს უკრაინის პორტების ბლოკადის მოხსნაში დახმარებისკენ მოუწოდა

AP Photo/Mariam Zuhaib

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა მოკავშირე ქვეყნებს რუსეთის მიერ უკრაინის პორტების ბლოკადის მოხსნაში დახმარებისა და თანამშრომლობისკენ მოუწოდა. 

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა დახმარების მსურველი ქვეყნებისთვის კოალიციის შექმნის გეგმა ბრიტანელ კოლეგა ლიზ თრასთან ერთად 23 მაისს ლონდონში მოლაპარაკებების დროს განიხილა. 

"დრო ძალიან ცოტაა. ჩვენ ვუახლოვდებით მოსავლის აღების პერიოდის და არ არსებობს მარცვლეულის ექსპორტის სხვა გზა, გარდა შავი ზღვის პორტის - ოდესის გავლით". - თქვა ლანდსბერგისმა. 

ლანდსბერგისის გეგმა შავი ზღვის ნაწილების განაღმვას გულისხმობს, რათა ექსპორტზე გატანილმა მარცვლეულის მარაგმა ოდესა უსაფრთხოდ დატოვოს და ბოსფორის სრუტემდე რუსეთის ჩარევის გარეშე მიაღწიოს. 

"ჩვენ დაგვჭირდება მსურველთა კოალიცია - მნიშვნელოვანი საზღვაო ძალაუფლების მქონე ქვეყნები, რათა დაიცვან გემების ხაზები და ქვეყნები, რომლებიც ტრანსპორტირებაში მონაწილეობას მიიღებენ. ასევე, NATO-მ, როგორც ალიანსი ამ პროცესებში არ უნდა ჩაერიოს". - ამბობს ლანდსბერგისი.

ლანდსბერგისის აზრით, ახლანდელი ვითარება სასურსათო კრიზისის მხოლოდ დასაწყისია და მომდევნო 5-7 კვირაში ჩრდილოეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ხორბალის შემცვლელებზე ფასი კიდევ უფრო გაიზრდება.

ლანდსბერგისის თქმით, უკრაინას, მხოლოდ 2022 წელს, 80 მილიონი ტონა ხორბლის ექსპორტზე გატანა შეუძლია და ამის ერთადერთი ვარიანტი - ოდესის პორტია, რომელსაც უკრაინა ფლობს.

ასევე, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მსოფლიო კრიზისის საფრთხეზე ისაუბრა, რომელიც უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე არგატანას მოჰყვება. მსოფლიოს 41 განვითარებადი ქვეყანა ხორბლის მარაგების 1/3-ს რუსეთისა და უკრაინისგან იღებს. უახლესი მონაცემებით, სურსათზე ფასების ზრდამ ეგვიპტეში ინფლაცია რეკორდულ მაჩვენებლამდე გაზარდა. 

კომენტარები