შვედეთი-ფინეთი-NATO

ერდოღანმა შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს NATO-ში გაწევრიანებისთვის საკუთარი პირობები გააცნო

Yves Herman/Pool/Reuters

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს ესაუბრა. ერდოღანმა, რომელიც სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანებას სკეპტიკურად უყურებს, პირველ პირებს საკუთარი მოთხოვნები გააცნო. 

ერდოღანმა შვედეთის პრემიერმინისტრს, მაგდალენა ანდერსონს უთხრა, რომ ანკარა შვედეთისგან იარაღის ექსპორტზე ემბარგოს გაუქმებას მოელის. ფინეთის პრეზიდენტთან საუბრისას კი ერდოღანმა ტერორისტული დაჯგუფებებზე ისაუბრა. საპასუხოდ ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ ხაზი გაუსვა, რომ ფინეთი ტერორიზმის მოწინააღმდეგეა.

"ფინეთი გმობს ტერორიზმის, მის ნებისმიერ ფორმასა და მანიფესტაციას. დახურული დიალოგი გრძელდება". - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

18 მაისს ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებმა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს NATO-ში გაწევრიანების განაცხადები ოფიციალურად გადასცეს. ფინეთსა და შვედეთში NATO-ში გაწევრიანების შესახებ აქტიური საუბრები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფინეთის საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი წინა მონაცემებთან შედარებით 19%-ით – 62%-მდე იყო გაზრდილი.

ამავდროულად, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგია ალიანსის წევრი თურქეთი. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ შვედეთისა და ფინეთის დელეგაციები მის გადასაბირებლად თურქეთში ჩასვლაზე არ უნდა შეწუხდნენ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, წინააღმდეგობის მიზეზი ფინეთისა და შვედეთის მიერ ქურთისტანის მუშათა პარტიის/სახალხო თავდაცვის შენაერთის (PKK/YPG) მხარდაჭერაა, რომელსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, რომ კანდიდატმა ქვეყანამ ალიანსის ყველა წევრისგან მიიღოს რატიფიცირება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფინეთისა და შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას შეცდომა უწოდა, თუმცა, მისი თქმით, მათ ხარჯზე NATO-ს გაფართოებით რუსეთს პირდაპირი საფრთხე არ ექმნება.

კომენტარები