რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დიდი შვიდეული უკრაინის დასახმარებლად $18 მილიარდზე მეტს გამოყოფს

Reuters

დიდი შვიდეულის ლიდერები უკრაინის დასახმარებლად $18 მილიარდზე მეტს გამოყოფენ, რათა კიევმა მომდევნო თვეებში საბიუჯეტო გადასახადების დაფარვა შეძლოს. 

"ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას მთელი ომის განმავლობაში და მისი დასრულების შემდეგაც. ასევე, დიდი შვიდეული მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, გააკეთოს მეტი". - ნათქვამია G7-ის განცხადებაში. 

უკრაინის შეფასებით, ქვეყანას საჯარო მოხელეების ხელფასებისა და ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად თვეში დაახლოებით $5 მილიარდი სჭირდება.

19 მაისს გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა თქვა, რომ გერმანია უკრაინას დამატებით €1 მილიარდს გამოუყოფს, ხოლო იაპონიამ პირობა დადო, რომ უკრანას დამატებით $600 მილიონით დაეხმარება.

ასევე, დიდი შვიდეულის შეხვედრებზე დიდი დრო დაეთმო მსოფლიო სტაგფლაციის საკითხსა და მასთან დაკავშირებულ რისკებს. სტაგფლაცია ერთდროულად საქონელზე ფასების ზრდასა და ეკონომიკური ზრდის შენელებას გულისხმობს.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები