რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იაპონია უკრაინას დამატებით $600 მილიონით დაეხმარება

იაპონია უკრაინას დამატებით $600 მილიონით დაეხმარება. ამის შესახებ იაპონიის პრემიერმინისტრმა ფუმიო კიშიდამ 19 მაისს ისაუბრა. აღნიშნული გადაწყვეტილებით იაპონია უკრაინას წინა, $300 მილიონიან დახმარებას აორმაგებს.

კიშიდას თქმით, გადაწყვეტილება მას მერე მიიღეს, რაც უკრაინამ გაუარესებული ფინანსური ვითარების გამო დახმარების საჭიროება გამოხატა.

"იაპონია, G7-სა და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად გააგრძელებს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას". – თქვა კიშიდამ.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები