რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

"მესმის, ვერ მაპატიებთ, მაგრამ პატიებას ვითხოვ" – ბრალდებული რუსი ჯარისკაცი მოკლულის ქვრივს

ვადიმ შიშიმარინი
BBC

პროკურატურა უვადო თავისუფლების აღკვეთას ითხოვს რუსი სამხედრო ვადიმ შიშიმარინისთვის, რომელიც ბრალდებულია სუმის ოლქში მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობაში. სასამართლო პროცესზე მან დანაშაული აღიარა და პატიება ითხოვა.

ბრალდებულმა პროცესზე მკვლელობის დეტალები გაიხსენა:

გზაში პრაპორშჩიკმა მაკეევმა (რუსმა სამხედრომ, რომელიც მართავდა მანქანას) დაინახა კაცი, ის ტელეფონზე საუბრობდა, მაკევმა თქვა, ის რომ სამხედროებს ურეკავდა და სროლა ბრძანა.

შემდეგ კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც მძღოლის მარჯვნივ იჯდა, შემობრუნდა და მიბრძანა მესროლა და ის ამტკიცებდა, რომ საფრთხე გვემუქრებოდა. 

მე ის არ მინახავს.  დავინახე, როცა გავუტანაბრდით და მოკლე მანძილიდან ვესროლე. ასე მოვკალი. 

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულს მოკლულის ქვრივი დაუპირისპირდა, რომელმაც რუს ჯარისკაცს ჰკითხა, თუ რას გრძნობდა ის, როცა ქმარი მოუკლა და ნანობდა თუ არა მის საქციელს, რაზეც შიშიმარინმა ქალს უპასუხა, რომ ნანობს და პატიებას სთხოვს: 

-დიახ, მე ვაღიარებ დანაშაულს და მესმის, რომ თქვენ ჩემს პატიებას ვერ შეძლებთ, მაგრამ პატიებას ვითხოვ

-რატომ მოხვედით, ვისგან დასაცავად, ჩემი ქმრისგან დამიცავით, რომელიც მოკალით?!

ჯარისკაცის თქმით, მას კაცის მოკვლა არ სურდა და მხოლოდ ბრძანებას ასრულებდა. 

კატერინა შელიპოვამ აღნიშნა, რომ მოითხოვდა ოკუპანტისთვის სამუდამო თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ წინააღმდეგი არ იქნება, თუ შიშიმარინს აზოვსტალის დამცველებში გაცვლიან.

"მაგრამ თუ გაცვლიან მას, მათ შორის, ჩვენი მარიუპოლის დამცველებში, მე არ ვიქნები წინააღმდეგი, მე ვიქნები ამის მომხრე".- თქვა ქვრივმა პროცესზე. 

უკრაინის ინფორმაციით, შიშიმარინმა ომის დაწყების პირველ დღეებში სუმის ოლქში მოკლა 62 წლის მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც ქუჩაში ველოსიპედით მიდიოდა.  

შიშიმარინი პირველი რუსი სამხედროა, რომელსაც უკრაინაში ჩადენილი დანაშაულის გამო ასამართლებენ. პროკურატურის ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაულების გამო მომავალში სხვა ოკუპანტებსაც გაასამართლებენ. მოსკოვი უარყოფს, რომ სამხედროები მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ.   

შიშიმარინს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მეორე ნაწილით ასამართლებენ, რაც ომის წესებისა და კანონების დარღვევას გულისხმობს. რუს სამხედროს 10-დან 15 წლამდე ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება. 

"[კაცის მოკვლამდე] კოლონამ, რომელშიც სერჟანტი შიშიმარინი იმყოფებოდა, ჩვენი [უკრაინელების] კოლონა გაანადგურა. გაქცევისას მან და კიდევ ოთხმა მებრძოლმა კერძო მანქანას ცეცხლი გაუხსნეს და ის მძღოლს წაართვეს. მოპარულ მანქანით, რომელსაც ბორბლები დაცხრილული ჰქონდა, მოსაზღვრე სოფელში შევიდნენ. მოკლული მამაკაცი სახლში ბრუნდებოდა და ტელეფონზე საუბრობდა. ერთ-ერთმა სამხედრომ სერჟანტს უბრძანა, მოეკლა მშვიდობიანი მოქალაქე. მან მანქანის ღია ფანჯრიდან კალაშნიკოვის ავტომატიდან რამდენჯერმე ესროლა 62 წლის კაცს თავში. ის სახლიდან რამდენიმე ათეულ მეტრში ადგილზე გარდაიცვალა".- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. 

კომენტარები