საქართველო-ევროკავშირი

ბორელი საქართველოს: გთხოვთ სანქციების აღსრულებას, რომ მათი ეფექტურობა არ დაიკარგოს

ჯოზეფ ბორელი
Reuters

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის განაცხადის შეტანის დროს საქართველოსთვის მნიშვნელოვანია საკვანძო რეფორმების დაჩქარება, განსაკუთრებით მართლმსაჯულების მიმართულებით და ასევე პოლიტიკური პოლარიზაციის თავიდან არიდება.

"შეფასება, რომელსაც კომისია მოამზადებს შემდგომ კვირებში და რაც მასთან ერთად განვიხილეთ, არის ის, რომ ეს არის შესაძლებლობის ფანჯარა და ის მოითხოვს რეფორმების გაზრდილ ტემპს, რომ თავიდან იქნას არიდებული ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური პოლარიზაცია, რომ ბიძგი იყოს რეფორმების მიმართულებით, განსაკუთრებით მართლმსაჯულების სფეროში, რადგან ეს არის ის საკითხები, რომლებიც არის საკვანძო". – თქვა ბორელმა.

ბორელმა ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს, გაეროს კენჭისყრაში რუსეთის წინააღმდეგ ხმის მიცემისთვის და ხაზი გაუსვა სანქციების მხარდაჭერასთან ერთად, მათი სათანადოდ აღსრულების მნიშვნელობასაც. 

"ვგულისხმობ სანქციებს რუსეთის მიმართ, უკრაინის ომიდან გამომდინარე. ჩვენ ძალიან ვაფასებთ გაეროში კენჭისყრის დროს მხარდაჭერას, გვესმის, რამდენად რთულია ეს თქვენთვის, რუსეთის საწინააღმდეგოდ მოქმედება, მაგრამ ასევე გთხოვთ სანქციების აღსრულებას, რომ სანქციების ეფექტურობა არ დაიკარგოს". – ამბობს ბორელი.

ქართულმა ოცნებამ 2 მარტს განაცხადა, რომ მმართველი გუნდი საქართველოს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადს დაჩქარებული წესით ამზადებდა. 3 მარტს კი, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა დოკუმენტს. აქამდე, ქართული ოცნება ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას 2024 წელს გეგმავდა, თუმცა, პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, არსებული პოლიტიკური კონტექსტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით, მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი დაუყოვნებლივ წარადგინოს.

ირაკლი კობახიძის განცხადება მოჰყვა უკრაინის მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას. შესაბამის დოკუმენტს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი 28 თებერვალს მოაწერა. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. ომის დაწყების შემდეგ უკრაინამ დიდი მხარდაჭერა მიიღო დასავლეთისგან. მისი ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურუსლა ფონ დერ ლეიენმა, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭების საკითხი დააყენა პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ. უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერის ფონზე კი, საქართველომ უარი თქვა, შეერთებოდა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. ამის გამო, რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი საპროტესტო აქცია გაიმართა. ევროკავშირში განაცხადის შეტანის მოთხოვნით შეიქმნა პეტიციაც.

კომენტარები