რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

HRW-მ რუსი სამხედროების მიერ კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებში ჩადენილი ომის დანაშაულები აღრიცხა

Human Rights Watch

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციამ Human Rights Watch რუსი ჯარისკაცების მიერ კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონებში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულები აღრიცხა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, რუსებმა ზემოხსენებული დანაშაულები თებერვალის ბოლოდან მარტის ჩათვლით ჩაიდინეს – როდესაც ამ რეგიონებს აკონტროლებდნენ.

ორგანიზაციის წარმომადგენლები კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონებში, აპრილში, 17 სოფელსა და პატარა ქალაქში ჩავიდნენ და 22 უსაფუძვლო ბრალდებით მიზანმიმართული სიკვდილით დასჯის შემთხვევა, 9 სხვა უსამართლო მკვლელობა, 6 შესაძლო იძულებითი გაუჩინარება და 7 წამების შემთხვევა გამოიძიეს. 21 მოქალაქემ კი არადამიანურ და შეარაცხმყოფელ პირობებში უკანონო პატიმრობა აღწერა.

"რუსული ძალების მიერ უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ოკუპირებულ ნაწილში, ომის ადრეულ ეტაპზე ჩადენილი მრავალი სისტაკე არის საშინელი, უსამართლო და ულმობელი. მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის ეს ფაქტები აშკარა ომის დანაშაულებია, რაც სწრაფად და მიუკერძოებლად უნდა იქნეს გამოძიებული და შესაბამისად დასჯილი". - ამბობს Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორი, გიორგი გოგია.

ამასთან, ორგანიზაციამ 10 აპრილიდან 10 მაისამდე 65 ადამიანთან გამართა ინტერვიუ, მათ შორის წამების გადარჩენილ მსხვერპლებთან, მათ ოჯახებთან და სხვა თვითმხილველებთან. ორგანიზაციამ ასევე წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ჩადენის ადგილები და იქ არსებული ფიზიკური მტკიცებულებები. ასევე, მსხვეპლთა და თვითმხილველთა გადაღებული ფოტოები და ვიდეოები.

როგორც ორგანიზაცია წერს, კიევის რეგიონში უსაფუძვლო ბრალდების ნიადაგზე ჩადენილი 22 ახლად აღწერილი მკვლელობიდან ერთ-ერთის შესახებ, მოკლულის დედამ, ანასტასია ანდრიივნამ ისაუბრა. მისი თქმით, ის სახლში იყო, როდესაც 19 მარტს, რუსმა ჯარისკაცებმა მისი შვილი, 45 წლის იგორ სავრანი მისი სამხედრო ქურთუკის აღმოჩენის შემდეგ დააკავეს. 31 მარტს კი, რუსი სამხედროების რეგიონიდან გასვლის შემდეგ, ანასტასიამ საკუთარი შვილის სხეული სახლიდან დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით, საწყობში იპოვა.

ორგანიზაციასთან ინტერვიუში, მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ მათ დღეებისა და კვირების განმავლობაში სიბინძურესა და გაუსაძლის პირობებში უწევდათ ყოფნა – სკოლის სარდაფში, მინი მწარმოებელ ქარხანაში და თხრილში, გამათბობლის ქვაბის ოთახში, ძალიან ცოტა საკვებით ან საერთოდ საკვებისა და სასმელი წყლის გარეშე. გარდა ამისა, ამ ადამიანებს ხშირ შემთხვევაში არ ჰქონდათ საპირფარეშოზე წვდომაც. იაჰიდნეს რეგიონში, რუსულმა ძალებმა 350 მოქალაქე, მათ შორის 70 ბავშვი და 5 ჩვილი 28 დღის განმავლობაში სკოლის სარდაფში დაატყვევეს, სადაც მათ აკრაძლული ჰქონდათ ტერიტორიის თუნდაც რამდენიმე წუთით დატოვება, არ იყო წოლისთვის საკმარისი სივრცე, ტუალეტის ნაცვლად კი მათ სათლების გამოყენება უწევდათ.

"ერთი კვირის შემდეგ ყველა საშინლად ახველებდა. თითქმის ყველა ბავშვს ჰქოდა მაღალი სიცხე და სპაზმები ხველისგან, ასევე ღებინება". - თქვა ერთ-ერთმა ყოფილმა დატყვევებულმა.

ერთ-ერთმა კი აღნიშნა, რომ ზოგიერთ ადამიანს მუდმივი ჯდომისგან ნაწოლები გაუჩნდა, 10 ხანდაზმული ადამიანი კი ამ პირობებში დაიღუპა.

გარდა ამისა, Human Rights Watch-მა აღწერა წამების 7 შემთხვევა, რომლებშიც რუსმა სამხედროებმა ტყვეებს სცემეს, მათ წინააღმდეგ ელექტროშოკი გამოიყენეს და მათგან ინფორმაციის მიღების მიზნით, მოჩვენებითი საჯარო მკვლელობები მოაწყვეს.

"მათ თავზე იარაღი მომადეს, დატენეს და შემდეგ 3 გასროლის ხმა გავიგე. მესმოდა როგორ ცვიოდა ტყვიის ბუდეები მიწაზე და ვფიქრობდი, რომ ეს ჩემთვის დასასრული იყო". - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

ორგანიზაციამ აღწერა 9 შემთხვევა, რომელშიც რუსულმა ძალებმა მკაფიო სამხედრო გამართლების გარეშე მოკლეს მოქალაქეები. მაგალითად, 14 მარტის საღამოს, რუსულმა კოლონამ ჩერნიგოვის ჩრდილო-დასავლეთში, სოფელ მოხნატინში, ჩაიარა და გზად 17 წლის ტყუპი ძმები და მათ 18 წლის მეგობარი ჩაცხრილეს.

ყველა გამოკითხულმა თვითმხილველმა აღნიშნა, რომ მოკლულები მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც შეტაკებებში არ მონაწილეობდნენ. გამონაკლისს მხოლოდ 2 წამების მსხვერპლი წარმოადგენდა, რომლებიც ადგილობრივი ტერიოტორიული თავდაცვის დანაყოფის წევრები იყვნენ.

"მზარდად ნათელი ხდება, რომ უკრაინელ მოქალაქეებს რუსული ძალების მიერ ოკუპირებულ რეგიონებში საშინელებების გადატანა მოუწიათ. შესაძლოა სამართალი სწრაფად არ დადგეს, თუმცა ყველა ნაბიჯი უნდა გადავდგათ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ვინც ეს ტანჯვა გამოიარა სამართლიანობის აღდგენას მალე იხილავს". - ამბობს გიორგი გოგია.

აღსანიშნავია, რომ Human Rights Watch-მა ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინის ქალაქებში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ 10 ანგარიში გამოაქვეყნა.

კომენტარები