ნიკა გვარამიას საქმე

გაფრთხილება და მუქარა სხვა მედიების მიმართ – სამოქალაქო ორგანიზაციები გვარამიას დაკავებაზე

საზოგადოებრივი ორგანიზაციები მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის შეფარდებულ სასჯელს ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან. ორგანიზაციები აცხადებენ, რომ გვარამიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება აღიქმება როგორც გაფრთხილება და მუქარა სხვა დამოუკიდებელი მედიების მიმართ.

"საზოგადოებრივი ორგანიზაციები მხარდაჭერას ვუცხადებთ ნიკა გვარამიას და მთავარი არხის გუნდს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2022 წლის 16 მაისს მიღებული გადაწყვეტილება და ნიკა გვარამიასთვის თავისუფლების აღკვეთის მისჯა აღიქმება როგორც გაფრთხილება და მუქარა სხვა დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ, რათა შეწყვიტონ ხელისუფლების საქმიანობის კრიტიკულად გაშუქება, არ შეასრულონ ხელისუფლების მაკონტროლებელი ფუნქცია და უარი თქვან ხელისუფლებისთვის არასასურველი ფაქტების საზოგადოებამდე მიტანაზე.

კრიტიკული მედიასაშუალების გენერალური დირექტორის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მათ შორის, მენეჯერული გადაწყვეტილების მიღების გამო წარმოადგენს შერჩევითი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის და მსჯავრდების კიდევ ერთ მაგალითს. ვფიქრობთ, მსგავსმა პროცესებმა, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე". – ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • ლიბერალური აკადემია თბილისი
  • მედიაკლუბი
  • მედიის განვითარების ფონდი
  • მედიის უფლებები
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  • სატელევიზიო ქსელი
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
  • საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • უფლებები საქართველო
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • მედიაომბუდსმენი
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • Საქართველოს სასამართლოს გუშაგი (Georgian Court Watch)
  • მწვანე ალტერნატივა
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
  • საქართველოს პენცენტრი
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • Საზოგადოება და ბანკები
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • Სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)
  • დემოკრატიის ინსტიტუტი
  • ევროპის ფონდი
  • ცენტრი “ემპათია”
  • მწვანე სექტორი
  • თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • საფარი
  • სირცხვილია • Shame Movement

16 მაისს მთავარი არხის დირექტორს ნიკა გვარამიას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 50 000-ლარიანი ჯარიმა და 3 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით გვარამიას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა. მოსამართლის განკარგულებით, მთავარი არხის დირექტორი სასამართლო დარბაზში დააკავეს. 

ნიკა გვარამია რუსთავის 2-ის საქმეზე რამდენიმე მუხლით იყო ბრალდებული (ყალბი დოკუმენტაციის დამზადება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კომერციული მოსყიდვა და ქონების გაფლანგვა). მოსამართლემ პირველ სამ ბრალდებაში გაამართლა, გაფლანგვის მუხლი კი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაუკვალიფიცირა. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ე.წ 2015 წლის ეპიზოდზე მთავარი არხის დირექტორს 50 000- ლარიანი ჯარიმა მიესაჯა, ხოლო ე.წ ავტომანქანის ეპიზოდზე თავისუფლების აღკვეთა. 

"უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, ნიკა გვარამიას დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს 3 წლისა და 6 თვის ვადით" - განაცხადა მოსამართლემ.

რაც შეეხება ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალდებულებს, სასამართლომ ზურაბ იაშვილი გაამართლა, ხოლო კახაბერ დამენიას 50 000-დოლარიანი ჯარიმა დაუწესა.

კომენტარები