ნიკა გვარამიას საქმე

პოლონეთი შეშფოთებულია ნიკა გვარამიას განაჩენის გამო – პოლონეთის საგარეო

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მთავარი არხის დირექტორ ნიკა გვარამიასთვის შეფარდებულ სასჯელს ეხმაურება და შეშფოთებას გამოხატავს.

"პოლონეთი შეშფოთებულია ოპოზიციური ტელეკომპანია მთავარი არხის გენერალური დირექტორის და ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირის, ნიკა გვარამიას განაჩენის გამო. გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს როგორც კანონის უზენაესობის აღქმაზე, ასევე საქართველოში მედიის თავისუფლებაზე". – ნათქვამია პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

16 მაისს მთავარი არხის დირექტორს ნიკა გვარამიას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 50 000-ლარიანი ჯარიმა და 3 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით გვარამიას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა. მოსამართლის განკარგულებით, მთავარი არხის დირექტორი სასამართლო დარბაზში დააკავეს. 

ნიკა გვარამია რუსთავის 2-ის საქმეზე რამდენიმე მუხლით იყო ბრალდებული (ყალბი დოკუმენტაციის დამზადება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კომერციული მოსყიდვა და ქონების გაფლანგვა). მოსამართლემ პირველ სამ ბრალდებაში გაამართლა, გაფლანგვის მუხლი კი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაუკვალიფიცირა. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ე.წ 2015 წლის ეპიზოდზე მთავარი არხის დირექტორს 50 000- ლარიანი ჯარიმა მიესაჯა, ხოლო ე.წ ავტომანქანის ეპიზოდზე თავისუფლების აღკვეთა. 

"უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, ნიკა გვარამიას დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს 3 წლისა და 6 თვის ვადით" - განაცხადა მოსამართლემ.

რაც შეეხება ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალდებულებს, სასამართლომ ზურაბ იაშვილი გაამართლა, ხოლო კახაბერ დამენიას 50 000-დოლარიანი ჯარიმა დაუწესა.

კომენტარები