ნიკა გვარამიას საქმე

GMC: 8 ქალაქის ჩინოსნებს 73-ის ნაცვლად 765 ავტომობილი ემსახურებოდა – პასუხისგებაში არავინ მიცემულა

GMC

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, საქართველოს 8 ქალაქის ჩინოსნებს რეკომენდებული 73-ის ნაცვლად 765 ავტომობილი ემსახურებოდა, ამასთან მთავარი არხის დირექტორს, ნიკა გვარამიას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს კერძო კომპანიის ბალანსზე მყოფი ავტომობილის პირადი მიზნებისთვის მოხმარების გამო.

მუნიციპალიტეტების ტრანსპორტის ხარჯები, 2019-2020 წლებში, შემდეგნაირად გამოიყურება:

  • სენაკს რეკომენდირებული 6 მანქანის გარდა ემსახურებოდა 65 კერძო მანქანა; (65-ით მეტი)

  • ოზურგეთს რეკომენდირებული 10 მანქანის გარდა ემსახურებოდა 105 კერძო მანქანა; (105-ით მეტი)

  • ფოთს რეკომენდირებული 6 მანქანის ნაცვლად ბალანსზე ჰყავდა 4, თუმცა ამის გარდა ემსახურებოდა დამატებით 28 კერძო მანქანა; (26-ით მეტი)

  • მარნეულს რეკომენდირებული 8 სამორიგეო მანქანის ნაცვლად ემსახურებოდა 10 სამორიგეო და ამას გარდა 85 კერძო მანქანა; (87-ით მეტი)

  • ქუთაისის მერიას რეკომენდირებული 11 მანქანის ნაცვლად 2019 წელს ემსახურებოდა 31 სამორიგეო მანქანა, ხოლო 2020 წელს 23. გარდა ამისა, ამავე წლებში, ემსახურებოდა საშუალოდ 111 კერძო მანქანა; (საშუალოდ 128-ით მეტი)

  • რუსთავის მერიას რეკომენდირებული 8 მანქანის ნაცვლად ემსახურებოდა 14 სამორიგეო და 73 კერძო მანქანა; (79-ით მეტი)

  • ქობულეთს ემსახურებოდა 14 სამორიგეო ავტომობილი და ამის გარდა 21 კერძო მანქანა; (21-ით მეტი)

  • ზუგდიდს რეკომენდირებული 10 მანქანის ნაცვლად, ემსახურებოდა  ბალანსზე რიცხული 22 სამორიგეო მანქანა და 169 კერძო საკუთრებაში არსებული მანქანა (ჯამში 181-ით მეტი).

საბოლოო ჯამში ზემოთ ჩამოთვლილ 8 მუნიციპალიტეტში საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტისთვის (მერია-საკრებულო) რეკომენდირებული ავტომობილების რაოდენობა ჯამში იყო 73, თუმცა ამათ გარდა მუნიციპალიტეტებს ემსახურებოდა დამატებითი რაოდენობის კერძო და მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ იავტომობილები, ჯამში 692 ერთეულით მეტი. 

რეკომენდირებულზე მეტი ავტომობილის მომსახურება ზრდის საწვავის მეტი რაოდენობით მოხმარების რისკს. აუდიტის ანგარიშების თანახმად, 2019-2020 წლებში ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, მარნეულში, ბათუმსა და ქობულეთში, საწვავში ჯამში 3,297,346 ლარი დაიხარჯა. 

ამის გარდა ერთეულ მუნიციპალიტეტებში, კერძოდ: ზუგდიდში, ქუთაისში, მარნეულში, ფოთსა და ოზურგეთში 2019-2020 წლებში გამოვლინდა 1,038 შემთხვევა, როდესაც საჯარო მოხელეებმა ავტმობილებში ბიუჯეტის ფულით ჩაასხეს იმაზე მეტი საწვავი, ვიდრე თავად ამ ავტომობილების ავზების მოცულობა იყო.

მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტებმა აუდიტის სამსახურს ვერ დაასაბუთეს, რაში ხარჯავდნენ ასიათასობით ლარის საწვავს, თუმცა ამის გამო პასუხისგებაში არავინ მიცემულა

მუნიციპალიტეტები დეტალურად ნახეთ აქ. 


16 მაისს მთავარი არხის დირექტორს ნიკა გვარამიას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 50 000-ლარიანი ჯარიმა და 3 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით გვარამიას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა. მოსამართლის განკარგულებით, მთავარი არხის დირექტორი სასამართლო დარბაზში დააკავეს. 

ნიკა გვარამია რუსთავის 2-ის საქმეზე რამდენიმე მუხლით იყო ბრალდებული (ყალბი დოკუმენტაციის დამზადება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კომერციული მოსყიდვა და ქონების გაფლანგვა). მოსამართლემ პირველ სამ ბრალდებაში გაამართლა, გაფლანგვის მუხლი კი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაუკვალიფიცირა. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ე.წ 2015 წლის ეპიზოდზე მთავარი არხის დირექტორს 50 000- ლარიანი ჯარიმა მიესაჯა, ხოლო ე.წ ავტომანქანის ეპიზოდზე თავისუფლების აღკვეთა. 

"უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, ნიკა გვარამიას დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს 3 წლისა და 6 თვის ვადით" - განაცხადა მოსამართლემ.

რაც შეეხება ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალდებულებს, სასამართლომ ზურაბ იაშვილი გაამართლა, ხოლო კახაბერ დამენიას 50 000-დოლარიანი ჯარიმა დაუწესა.

კომენტარები