ნიკა გვარამიას პატიმრობა

არ მისცეთ ოლიგარქს საშუალება, საბოლოოდ მოკლას დემოკრატია – ოთხი ტელეკომპანიის განცხადება

ტაბულა

მთავარი არხის დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით ოთხმა ტელეკომპანიამ საერთაშორისო პარტნიორებს დახმარების თხოვნით მიმართა. 

განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ მთავარი არხი, ფორმულა, TV პირველი და კავკასია, მედიის წარმომადგენლები წერენ, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრება არ არის მხოლოდ ერთი ტელეკომპანიის ან ერთი ადამიანის საკითხი და საქმე მთლიანად საქართველოს დემოკრატიას ეხება. 

"ჩვენ, დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები მივმართავთ ჩვენს დასავლელ მეგობრებს დამოუკიდებელი არხის, მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით. ნიკა გვარამიას დაკავება არის პირდაპირი დემონსტრაციული გზავნილი დასავლეთისთვის, რომ საქართველო არის რუსული, ოლიგარქიული, მიტაცებული ქვეყანა და ის იმართება პუტინის მეთოდებით. ნიკა გვარამიას დაჭერა ნიშნავს, რომ საქართველო უარს ამბობს ევროპასა და NATO-ზე. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის განხილვის ფონზე. ასევე ოცნების რეჟიმის პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ცხადჰყოფს, რომ ხელისუფლება გაემიჯნა ცივილიზებულ სამყაროს და ნიკა გვარამის დაკავება ამის კიდევ ერთი დასტურია. ნიკა გვარამიას დაჭერა არ არის ერთი მედიის ან ერთი ადამიანის საკითხი. ეს არის მთლიანად ქართული მედიის და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის გადარჩენის საქმე.

ჩვენ, ოპოზიციური მედია ჩვენი საქმიანობით ყოველთვის მხარს ვუჭერთ დასავლურ ფასეულობებს და ვდგავართ დემოკრატიის სადარაჯოზე. თქვენ, ჩვენს დასავლელ მეგობრებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის გაწეული გაქვთ დიდი ძალისხმევა, მათ შორის ფინანსური დახმარება, მიუხედავად ამისა, ქვეყანაში არ არის მართლმსაჯულება, სისტემას მართავს კლანი, ქვეყანა მიტაცებულია და იმართება უკვე დაუფარავად რუსული რეჟიმის მიერ, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქართველ ხალხს ევროპული არჩევანი წაართვას. ჩვენ გამოვიარეთ და გავუძელით ყველანაირ ჩაგვრას, ზეწოლას. ფაქტია, რომ ოლიგარქი არ ჩერდება და მორიგ ჯერზე ოფიციალურად გააფორმა ავტოკრატია. 

ქართველი ხალხის და ჩვენი, კრიტიკული მედიის ერთადერთ მოკავშირედ გთვლით თქვენ, ჩვენს დასავლელ მეგობრებს და გულშემატკივრებს, ამიტომ, მოგმართავთ თხოვნით, მხარი დაგვიჭიროთ ამ უსამართლო ბრძოლაში და არ მისცეთ საშუალება ოლიგარქიულ რეჟიმს, რომ საბოლოოდ მოკლას დემოკრატია და ქართველი ხალხის მიერ სისხლით მოპოვებული თავისუფლება და თქვენ მიერ გაწეული ძალისხმევა აღმოჩნდეს ფუჭი". – წერია განცხადებაში.

მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, გიორგი გაბუნიას თქმით, ნებისმიერ მედიას შეუძლია, ხელმოწერით შეუერთდეს განცხადების ტექსტს.

ჯერჯერობით უცნობია სამოქმედო გეგმა, რადგან გრძელდება შეხვედრა ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. 


16 მაისს მთავარი არხის დირექტორს ნიკა გვარამიას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 50 000-ლარიანი ჯარიმა და 3 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით გვარამიას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა. მოსამართლის განკარგულებით, მთავარი არხის დირექტორი სასამართლო დარბაზში დააკავეს. 

ნიკა გვარამია რუსთავის 2-ის საქმეზე რამდენიმე მუხლით იყო ბრალდებული (ყალბი დოკუმენტაციის დამზადება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კომერციული მოსყიდვა და ქონების გაფლანგვა). მოსამართლემ პირველ სამ ბრალდებაში გაამართლა, გაფლანგვის მუხლი კი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაუკვალიფიცირა. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ე.წ 2015 წლის ეპიზოდზე მთავარი არხის დირექტორს 50 000- ლარიანი ჯარიმა მიესაჯა, ხოლო ე.წ ავტომანქანის ეპიზოდზე თავისუფლების აღკვეთა. 

"უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, ნიკა გვარამიას დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს 3 წლისა და 6 თვის ვადით" - განაცხადა მოსამართლემ.

რაც შეეხება ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალდებულებს, სასამართლომ ზურაბ იაშვილი გაამართლა, ხოლო კახაბერ დამენიას 50 000-დოლარიანი ჯარიმა დაუწესა.

კომენტარები