ნიკა გვარამიას საქმე

ბრიტანეთის საელჩო: იმედგაცრუებული ვართ ნიკა გვარამიას დაპატიმრების გამო

ტაბულა

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, კლერ ოლბესლი მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიასთვის შეფარდებულ სასჯელს ეხმაურება და აცხადებს, რომ გვარამიას დაპატიმრების გამო იმედგაცრუებულები არიან.

"იმედგაცრუებულები ვართ მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრების გამო. ეს განსაკუთრებით საგულისხმოა რეპორტიორები საზღვრების გარეშეს ბოლო ანგარიშის ჭრილში, სადაც საერთაშორისო პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი მნიშვნელოვნად დაკლებულია.

დიდი ბრიტანეთი გლობალური მედია თავისუფლების სადარაჯოზეა. თავისუფალი მედიის გარეშე მოქალაქეები, პოლიტიკური სპექტრის რომელ მხარესაც არ უნდა იდგნენ ისინი, ვერ შეძლებენ საკუთარი დემოკრატიული უფლებების განხორციელებას". – წერს ოლბესლი.

16 მაისს მთავარი არხის დირექტორს ნიკა გვარამიას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 50 000-ლარიანი ჯარიმა და 3 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით გვარამიას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა. მოსამართლის განკარგულებით, მთავარი არხის დირექტორი სასამართლო დარბაზში დააკავეს. 

ნიკა გვარამია რუსთავის 2-ის საქმეზე რამდენიმე მუხლით იყო ბრალდებული (ყალბი დოკუმენტაციის დამზადება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კომერციული მოსყიდვა და ქონების გაფლანგვა). მოსამართლემ პირველ სამ ბრალდებაში გაამართლა, გაფლანგვის მუხლი კი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაუკვალიფიცირა. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ე.წ 2015 წლის ეპიზოდზე მთავარი არხის დირექტორს 50 000- ლარიანი ჯარიმა მიესაჯა, ხოლო ე.წ ავტომანქანის ეპიზოდზე თავისუფლების აღკვეთა. 

"უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, ნიკა გვარამიას დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს 3 წლისა და 6 თვის ვადით" - განაცხადა მოსამართლემ.

რაც შეეხება ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალდებულებს, სასამართლომ ზურაბ იაშვილი გაამართლა, ხოლო კახაბერ დამენიას 50 000-დოლარიანი ჯარიმა დაუწესა.

კომენტარები