საკონსტიტუციო სასამართლო

"იზღუდება გამოხატვის ყველა ფორმა, ომის საწინააღმდეგო ტექსტიც კი" – მოსამართლეთა სარჩელი

ხუთმა მოსამართლემ საკონსტიტუციო სასამართლოში საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის რამდენიმე მუხლი გაასაჩივრა.

მოსარჩელეთა განმარტებით, კანონის მოთხოვნა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შესახებ საკანონმდებლო განუსაზღვრელობის პირობებში წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთან, რომელიც აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლებას იცავს. 

საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 751 მუხლის მე-8 პუნქტის ბ.ზ ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება ქმედება, რომელიც არღვევს მიუკერძოებლობის პრინციპს, კერძოდ მოსამართლის მიერ აზრის საჯაროდ გამოთქმა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით. 

"გასაჩივრებული ნორმით იზღუდება გამოხატვის ნებისმიერი, ყველა ფორმა თუ საშუალება, იქნება ეს სოციალურ ქსელში რუსეთის მიერ უკრაინისა თუ საქართველოს ოკუპაციისა და ომის საწინააღმდეგო ტექსტური, სიმბოლური, აუდიო, ვიდეო ან ფოტო გამოხატვა". - ვკითხულობთ სარჩელში, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს 11 აპრილს წარედგინა. 

გასათვალისწინებელია, რომ გასაჩივრებული ნორმები უკვე ძალაშია, შესაბამისად, მოსამართლეთა თქმით, მათი უფლებები ირღვევა და ის ფაქტი, რომ ჯერ "გამოხატვის უფლების დარღვევის საფუძვლით არ არის დაწყებული დისციპლინური ან სხვა პროცედურები" არაფერს არ ცვლის - მათი განმარტებით, უფლება შეზღუდულია, შესაბამისად, გასაჩივრების უფლებაც არსებობს.

სარჩელი 9 ნორმას ეხება. მოსამართლეების თქმით, სადავო ნორმები "საერთოდ არ ითვალისწინებს მოსამართლის ნებას და ეფექტურ ჩართულობას მის მიმართ გადაწყვეტილები მიღების პროცესში".

"გასაჩივრებული ნორმებით საერთოდ არ არის გათვალისწინებული მივლინებას დაქვემდებარებული მოსამართლის შერჩევის კრიტერიუმები, პირობები და წესი, რაც შესაძლებელს ხდის, ნების გარეშე მივლინებას დაექვემდებაროს ნებისმიერი მოსამართლე პირველი და სააპელაციო ინსტანციის მოსამართლეთაგან, მათ შორის, წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის წარმდგენი მოსამართლეებიც". - ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში.

მოსარჩელე მოსამართლეები, ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე, მამუკა წიკლაური და თამარ ხაჟომია, - ყველანი 28 დეკემბერს 14 მოსამართლის მიერ გავრცელებულ ღია წერილის ხელმომწერია. მოსამართლეები პარლამენტის კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ, რადგან მიიჩნევდნენ, რომ კანონპროექტი დასაშვებს ხდის მოსამართლეთა დევნას კრიტიკული აზრის გამო. მათივე აზრით, ცვლილებებით მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას საფრთხე ექმნება. 

სერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით მიიღო. ინიციირებული ცვლილებები, მათ შორის, ითვალისწინებს მოსამართლეებისთვის დისციპლინური გადაცდომისა და სახდელის სახეების დამატებას, დისციპლინური სამართალწარმოების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი კვორუმის შემცირებას და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების თანამდებობაზე ზედიზედ ორჯერ ერთი და იმავე პირის არჩევის აკრძალვის გაუქმებას.

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი. მისი თქმით, პროცესი ნაჩქარევად მიმდინარეობს და მეტ ინკლუზიურობას საჭიროებს.

კომენტარები