რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჯონსონი: პუტინთან ურთიერთობის ნორმალიზება შეუძლებელია

ბორის ჯონსონი
Reuters

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ურთიერთობის ნორმალიზება შეუძლებელია. ამის შესახებ მან რადიოსადგურ LBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მიესალმებიან თუ არა პუტინის საერთაშორისო ასპარეზზე დაბრუნებას იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი ყველაფერს მოინანიებს, ჯონსონი პასუხობს:

"მოკლე პასუხი არის, რომ არა. ახლანდელ სიტუაციაში პუტინისთვის მონანიება ძალიან რთული იქნება. მართალია, რომ შეუძლებელი არაფერია, თუმცა, ამ მომენტში პუტინთან ურთიერთობის ნორმალიზების ვერანაირ გზას ვერ ვხედავთ. არანაირი ხელახლა ნორმალიზაცია. ამ საკითხში დიდი ბრიტანეთის პოზიცია ძალიან მკაფიოა". - თქვა ჯონსონმა.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები