მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს

IPN

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევებს ჩაუტარებენ.

საავადმყოფოს ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ადგილზე პოლიციისა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მანქანებია. 

იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს კლინიკა ვივამედში გადაყვანა 10 მაისს შესთავაზა, რასაც ექსპრეზიდენტი დათანხმდა, თუმცა, თავისი პირობები დაასახელა.

სახალხო დამცველის მიერ ჩამოყალიბებული სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. კონსილიუმის წევრის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის განმარტებით, იმ პირობებში, როცა მიხეილ სააკაშვილს საჭირო ცილები არ მიეწოდება, იგი საკუთარ ორგანიზმს შლის, რასაც დეპრესია ემატება და ანორექსიას იწვევს.

სახალხო დამცველის მიერ ჩამოყალიბებულმა ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილი 22 აპრილს მოინახულა. ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას რეკომენდაციით, საჭიროა ჩამოყალიბდეს სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელებს.

თავად მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას ითხოვს.

კომენტარები