რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლეიენი: რუსეთი დღეს ყველაზე პირდაპირი საფრთხეა მსოფლიო წესრიგისთვის

(Yoshikazu Tsuno/Pool/Getty Images)

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, რუსეთის ქცევა უკრაინასა და მის ფარგლებს გარეთ გლობალური სტაბილურობისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა. 

მისივე სიტყვებით, "უკრაინის წინააღმდეგ ბარბაროსული ომით, ჩინეთთან დადებული შემაშფოთებელი შეთანხმებით" რუსეთი დღეს ყველაზე პირდაპირი საფრთხეა მსოფლიო წესრიგისთვის. 

ლეიენი და ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი იაპონიაში იმყოფებიან და პრემიერმინისტრ ფუმიო კიშიდას შეხვდნენ. 

შარლ მიშელის სიტყვებით, "ის, ვინც პასუხისმგებელია ომის დანაშაულებზე, "პასუხისგებაში უნდა მიეცეს და მიცემა კიდეც".

ფონ დერ ლეიენთან და მიშელთან ერთად საუბრისას კიშიდამ თქვა, რომ "რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არყევს საერთაშორისო წესრიგის საფუძველს არა მხოლოდ ევროპისთვის არამედ აზიისთვისაც და ეს უპატიებელია. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იაპონიამ და ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს, მათ შორის, გაყინეს პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და მისი ოჯახის წევრების აქტივები. 

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. 

კომენტარები