რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკიმ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატას კანონპროექტის მიღებისთვის მადლობა გადაუხადა

BBC

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს პალატის სპიკერს, ნენსი პელოსსა და კონგრესის წარმომადგენელთა პალატას კანონპროექტის დამტკიცებისთვის მადლობა გადაუხადა. კანონპროექტი უკრაინისთვის დამატებით $40 მილიარდის ფინანსური დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. 

"მადლობას ვუხდი ნენსი პელოსსა და წარმომადგენელთა პალატაში უკრაინის ყველა მეგობარს, რომელთაც ჩვენი სახელმწიფოსთვის დამატებითი ფინანსური დახმარების კანონპროექტის სწრაფად დამტკიცებას მხარი დაუჭირეს. მოუთმენლად ველით ამ საკითხის სენატში განხილვას". - წერს ზელენსკი Twitter-ზე.

წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტის მიღების მომხრე 368, ხოლო მოწინააღმდეგე - 57 კონგრესმენი აღმოჩნდა.

გასულ კვირას, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის დასახმარებლად კონგრესს დამატებით $33 მილიარდის გამოყოფა სთხოვა. ამის საპასუხოდ, კონგრესის ქვედა წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის დამატებით $40 მილიარდის დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირა. 

9 მაისს, ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ლენდ-ლიზის კანონს ხელი მოაწერა.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის კანონი ხმათა უმრავლესობით, 417-ით 10-ის წინააღმდეგ 29 აპრილს დაამტკიცა. იქამდე კანონპროექტს 7 აპრილს აშშ-ს სენატმა დაუჭირა მხარი. 

უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტი დააჩქარებს უკრაინისთვის ომის განმავლობაში მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგების გადაცემას, ბიუროკრატიული პროცედურის შემცირებით. აქტი იძლევა შეიარაღების დე ფაქტოდ გაჩუქების შესაძლებლობას, დებულებით, რომ მიმღები ქვეყანა აშშ-ს მომავალში გადაუხდის.

ლენდ-ლიზის პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს დაეხმარა აშშ-ს მოკავშირეებს ადოლფ ჰიტლერის ნაცისტურ გერმანიასთან გამკლავებაში, რადგან ამერიკას მიეცა შესაძლებლობა, დამატებითი პროცედურების გარეშე პარტნიორები სწრაფად მოემარაგებინა.

კომენტარები