ავიაკატასტროფა

ისრაელში ავიარეისი მგზავრების ტელეფონებზე მიღებული ავიაკატასტროფების ფოტოების გამო გაუქმდა

თურქულმა ავიაკომპანიამ, AnadoluJet-მა თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტიდან დაგეგმილი რეისი რამდენიმე საათით გადადო. ამის მიზეზეი კი მგზავრების მობილურ ტელეფონებზე მიღებული ავიაკატასტროფების ფოტოები გახდა.

AnadoluJet-ის ბოინგი 737, რომლის ბორტზეც 160 მგზავრი იმყოფებოდა, ასაფრენად ემზადებოდა, რა დროსაც მგზავრებმა მობილურ ტელეფონებზე ავიაკატასტროდების ფოტოები მიიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრებს სურათები Apple-ის სერვისის, AirDrop-ის გამოყენებით გაუგზავნეს, რომელიც მომხმარებლებს ბლუთუზის გამოყენებით ფაილების მიმოცვლის საშუალებას აძლევს. აღსანიშნავია, რომ ყველა ფოტო iPhone-ებზე იყო მიღებული.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ფოტოებზე 2009 წელს, ნიდერლანდებში Turkish Airlines-ის ავიაკატასტროფა და აშშ-ში 2013 წელს მომხდარი ავიაკატასტროფა იყო ასახული. ფოტოების მიღების შემდეგ მგზავრებმა ამის შესახებ რეისის კაპიტანს აცნობეს. შემდეგ კი მგზავრები, ეკიპაჟთან ერთად აეროპორტის შენობაში დააბრუნეს და მათი ბარგი კიდევ ერთხელ შეამოწმეს.

პოლიციამ რამდენიმე ახალგაზრდა ეჭვმიტანილი ადგილზევე გამოავლინა და დაკითხვაზე გადაიყვანა. თვითმფრინავს კი გაფრენის უფლება 5 საათის დაგვიანებით მისცეს.

კომენტარები