რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ლენდ-ლიზის კანონის დღევანდელი ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია – მადლობა აშშ-ს

Efrem Lukatsky/AP

"ლენდ-ლიზის კანონის დღევანდელი ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია". - წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ს პრეზიდენტსა და ამერიკელ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

"მადლობა აშშ-ს პრეზიდენტ, ჯო ბაიდენსა და ამერიკელ ხალხს უკრაინის თავისუფლებისა და მომავლისთვის ბრძოლაში მხარდაჭერისთვის. ლენდ-ლიზის კანონის დღევანდელი ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, ისევ ერთად გავიმარჯვებთ და ჩვენ დავიცავთ დემოკრატიას უკრაინაში და ევროპაშიც, როგორც 77 წლის წინ". - წერს ზელენსკი Twitter-ზე.

ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ლენდ-ლიზის კანონს ხელი მოაწერა. აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის კანონი ხმათა უმრავლესობით, 417-ით 10-ის წინააღმდეგ 29 აპრილს დაამტკიცა. იქამდე კანონპროექტს 7 აპრილს აშშ-ს სენატმა დაუჭირა მხარი.

უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტი დააჩქარებს უკრაინისთვის ომის განმავლობაში მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგების გადაცემას, ბიუროკრატიული პროცედურის შემცირებით. აქტი იძლევა შეიარაღების დე ფაქტოდ გაჩუქების შესაძლებლობას, დებულებით, რომ მიმღები ქვეყანა აშშ-ს მომავალში გადაუხდის.

ლენდ-ლიზის პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს დაეხმარა აშშ-ს მოკავშირეებს ადოლფ ჰიტლერის ნაცისტურ გერმანიასთან გამკლავებაში, რადგან ამერიკას მიეცა შესაძლებლობა, დამატებითი პროცედურების გარეშე პარტნიორები სწრაფად მოემარაგებინა.

კომენტარები