რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ Gazprombank-ის, Sberbank-ის ხელმძღვანელებსა და სამ რუსულ ტელევიზიას სანქციებს უწესებს

Ting Shen/Bloomberg/Getty Images

ამერიკის შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს სამ რუსულ სამთავრობო ტელევიზიას და Gazprombank-ის 27 აღმასრულებელ ხელმძღვანელს. ასევე, ახალი სანქციების თანახმად, ამერიკელებს ეკრძალებათ რუსი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის საბუღალტრო და საკონსულტაციო სერვისების მიწოდება. სანქცირებულ ტელევიზიებს შორის არის Россия 1, Первый канал Россия და НТВ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ინფორმაცია G7-ის ქვეყნების ლიდერებისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვირტუალური შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.

Gazprombank-ის ხელმძღვანელების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ამ სახის პირველი ზომებია, რომლებიც გაზის ექსპორტიორ გიგანტზე დაწესდა. აშშ და მოკავშირეები თავს არიდებდნენ იმგვარი ნაბიჯების გადადგას, რომლებსაც ევროპაში გაზის მიწოდების შეფერხება შეეძლო.

"ეს არ არის სრულად დაბლოკვა, ჩვენ არ ვყინავთ Gazprombank-ის აქტივებს და არ ვკრძალავთ რაიმე სახის ტრანზაქციებს მასთან. ჩვენ მივანიშნებთ, რომ Gazprombank-ი არ არის უსაფრთხო თავშესაფარი". – თქვა აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

ასევე, სანქცირებულთა სიას დაემატა Sberbank-ის 8 აღმასრულებელი ხელმძღვანელიც, რომლებიც რუსეთის საბანკო აქტივების მესამედს ფლობენ. სიაში მოხვდა მოსკოვის ინდუსტრიული ბანკი და მისი შვილობილი 10 კომპანია.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები