რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბლინკენი: პუტინი ისტორიის შეცვლას ცდილობს, რათა უკრაინაში უკანონოდ შეჭრა გაამართლოს

ენტონი ბლინკენი
AP

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ისტორიის გაუკუღმართებაში დაადანაშაულა. ბლინკენის თქმით, პუტინი ამ გზით უკრაინაში უკანონოდ შეჭრის გამართლებას ცდილობს. 

"პრეზიდენტი პუტინი ისტორიის შეცვლას ცდილობს, რათა გაამართლოს არაპროვოცირებული და სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ. ხოლო ისინი, ვინც წარსულს სწავლობენ, ხვდებიან, რომ პრეზიდენტი ზელენსკი და მამაკაცი უკრაინელი ხალხი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულთა სულის სიმტკიცეს განასახიერებენ". - ვკითხულობთ ბლინკენის მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის დამარცხების 77-ე წლისთავის განცხადებაში.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები