კრიმინალი

შსს-მ დააკავა 2 პირი, რომლებიც პოლიციელის ავტომანქანას განზრახ შეეჯახნენ და მიიმალნენ

კადრი ვიდეოდან / საზოგადოებრივი მაუწყებელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, შუამთის ქუჩაზე 1991 წელს დაბადებული გ.შ. და 1997 წელს დაბადებული ბ.შ. სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. უწყების ცნობით, ისინი 15 აპრილს თბილისის-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე განზრახ შეეჯახნენ პოლიციელის ავტომანქანას, რის შემდეგაც პოლიციელმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მართვის უფლების არმქონე ბ.შ. მიმდინარე წლის 15 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 39-ე კილომეტრზე, ტოიოტას მარკის ავტომობილით, განზრახ შეეჯახა პოლიციელის ავტომანქანას და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირებთან – გ.შ-სთან და მ.ხ-სთან ერთად მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ბ.შ. შუამთის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მდებარე ბინაში დააკავეს. მასთან ერთად, ასევე დაკავებულია გ.შ, რომელსაც ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება". – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამავე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში პოლიციამ 5 მაისს მ.ხ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ზუგდიდში დააკავა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები