საქართველო-რუსეთი

ზახაროვა: საქართველო გამომდინარეობს სუვერენული პოლიტიკიდან, აყალიბებს მას

მარია ზახაროვა

აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ონლაინკონსულტაციების გარგლებში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ საქართველოს სუვერენულობაზე ისაუბრა და დასავლეთი რეგიონში საკუთარი ინტერესების ქვეყნებისთვის "თავსმოხვევაში" დაადანაშაულა.

მარია ზახაროვას თქმით, რუსეთი საქართველოს უყურებს, როგორც სუვერენულ ქვეყანას, რომელმაც "რთული გზა გამოიარა". 

"საქართველოს განვიხილავთ, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, რომელმაც გაიარა და გადის რთულ გზას, ხვდება ზეწოლის ქვეშ. [...] კარგად გვახსოვს ის დამანგრეველი იდეოლოგია, რომელიც ჩანერგეს ან რომლის ჩანერგვის მცდელობაც ჰქონდათ ამ სახელმწიფოს განვითარების შიდაპოლიტიკურ ნაწილში. კარგად გვახსოვს, დასავლეთი არა უბრალოდ ერეოდა ამ ქვეყნის საქმეში, [არამედ] ცდილობდა საქართველოსა და მთელი რეგიონის საკუთარი სცენარით მოდელირებას... საქართველო გამომდინარეობს საკუთარი სუვერენული პოლიტიკიდან, აყალიბებს მას და მგონია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია [დღევანდელ ფონზე]"... – თქვა ზახაროვამ.

მარია ზახაროვას თქმით, ეს არის "ჭეშმარიტი სუვერენიტეტის" გამოვლინება, რომელიც არაა "თავსმოხვეული".

რუსეთის საგარეო უწყების სპიკერი დასავლეთს ქვეყნებისთვის საგარეო პოლიტიკის თავსმოხვევაში  ადანაშაულებს და ამბობს, რომ დღეს ყველა სახელმწიფომ უნდა გაატაროს "სუვერენული საგარეო პოლიტიკა".

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ყველა სახელმწიფომ გაატაროს სუვერენული საგარეო პოლიტიკა, რადგან დღეს, ჩემი აზრით, სწორედ ესაა იმის შემოწმება, არის ქვეყანა და ერი სუვერენული, თუ ეს ფიქციაა. რა პასუხობს ქვეყნის, ერის ნამდვილ ინტერესებს და რა არის თავსმოხვეული. როგორაა თავსმოხვეული, ვიცით - შანტაჟი, მუქარა, დაძალებაც კი... ეს, ჩემი აზრით, არის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ბოლო დროს, როცა თითოეულმა პასუხი უნდა გასცეს კითხვას: სხვის დაკრულზე ვიცეკვებთ, თუ მართლაც დამოუკიდებლები და სუვერენულები ვიქნებით?"... – თქვა მარია ზახაროვამ.

კომენტარები