რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ოცნება მშვიდობის შესახებ რეალობად უნდა იქცეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნაცისტური ოკუპაციისგან გათავისუფლების წლისთავზე, დანიაში ვიდეომიმართვის დროს აღნიშნა, რომ უკრაინა მშვიდობას მალე მიაღწევს.

"რუსეთის სახელმწიფო ომის შესაჩერებლად მზად არ არის. ისინი უკრაინისა და ევროპის სხვა ქვეყნების აღებაზე ოცნებობენ. ისინი ჯერ კიდევ იმედოვნებენ, რომ ევროპის თავისუფლება გაქრება. მაგრამ მათი ოცნებები ვერ ახდება. ოცნება მშვიდობის შესახებ რეალობად უნდა იქცეს, როგორც ეს 77 წლის წინ მოხდა.

ახლა უკრაინაში ჩვენი კონტინენტის მომავალი წყდება. არა მარტო ჩვენი, არამედ მეზობლებისაც. ვერავინ გეტყვით, კიდევ რამდენი დღე გაგრძელდება ეს ომი. მაგრამ მე მჯერა, ჩვენი თავისუფლების დღე ახლოვდება.

გთხოვთ, გაიხსენოთ უკრაინელი ბავშვები, 220 ბავშვი, რომელთა სიცოცხლეც ამ ომმა შეიწირა. გთხოვთ, გახსოვდეთ, რომ ევროპას გაჭიანურებული ომის დასრულება შეუძლია". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები