რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი: პუტინი 9 მაისს უკრაინას ომს არ გამოუცხადებს, ეს სისულელეა

დმიტრი პესკოვი
NBC

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 9 მაისს უკრაინისთვის ომის გამოცხადებას აპირებს.

"ამის შანსი არ არსებობს. ეს არ არის სიმართლე, ეს სისულელეა". - ასე უპასუხა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტის შეკითხვას 9 მაისს უკრაინისთვის ომისა და ქვეყანაში საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებასთან დაკავშირებით.

ინფორმაცია 9 მაისს უკრაინისთვის ომის გამოცხადების შესაძლებლობასთან დაკავშირებით უცხოურ მედიებში დასავლელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გავრცელდა

ასევე, აშშ-ს ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა თქვა, რომ ამერიკის დაზვერვის "მაღალი სანდოობის" მქონე ინფორმაციით, რუსეთის ფედერაცია მაისის შუა რიცხვებში ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ანექსიას აპირებს. ამას გარდა, იგეგმება ხერსონის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის შექმნაც, რომელიც მომავალაში ასევე ანექსირებული იქნება. 

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ

კომენტარები